„გლდანის მეტროსთან კომერციული ფართი უფრო ძვირია, ვიდრე რუსთაველზე“ – ნინო გედევანიშვილი

კომერციულ ფართებზე მოთხოვნის დიდი ნაწილი ისევ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოდის. პირველ სამეულშია ვაკეს მთავარი ქუჩები, საბურთალო და რუსთაველის გამზირი.
,,აქტიურია მოთხოვნა ისევ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე. მოთხოვნადია ვაკის ცენტრალური ქუჩები, საბურთალოზე ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ტერიტორია. ასევე, აქტიურია მოთხოვნა გარე უბნებში მეტროს მიმდებარედ არსებულ კომერციულ ფართებზე. რუსთაველის გამზირი ყოველთვის აქტუალური იყო და ისევ რჩება.’’- აცხადებს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ნინო გედევანიშვილი.
ყველაზე ხშირად დამქირავებელი 100-დან 300 კვადრატულ მეტრამდე ფართს ეძებს. ფასი, როგორც წესი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში უფრო მაღალია, თუმცა გარე უბნებში მეტროსთან ახლოს მდებარე სივრცე დღეს შესაძლოა იმაზე ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე რუსთაველზე.
,,გარე უბანში, გლდანის მეტროსთან კომერციული ფართი უფრო ძვირია, ვიდრე რუსთაველზე. გააჩნია სად მდებარეობს ფართი. ლოკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირობითად, ვაჟა-ფშაველას გამზირის რაღაც მონაკვეთი უფრო ძვირია, რაღაც მონაკვეთი იაფია, რადგან იქ ხალხის თრეფიქი არ არის.’’- აცხადებს ნინო გედევანიშვილი.