გლდანის „თეთრი ტბის“ ტერიტორიაზე აუთლეტ მაღაზიების ცენტრის აშენება იგეგმება

,,გუჩი’’, ,,დიორი’’ და სხვა მაღალი, პრემიუმ კლასის ბრენდები შესაძლოა მალე ახალ აუთლეტ სავაჭრო ცენტრში გახდეს ხელმისაწვდომი. გლდანის „თეთრი ტბის“ ტერიტორიაზე აუთლეტ მაღაზიების ცენტრის აშენება იგეგმება. პროექტზე მუშაობა 2 წელზე მეტია მიმდინარეობს. პროცესში ქართველი და უცხოელი არქიტექტორები არიან ჩართული. ტერიტორიის მფლობელი, ბიზნესმენი ნატალია კვანტალიანი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ წლების განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობზე რამდენიმე პროექტის განხორციელება განიხილებოდა. საბოლოოდ კი ლუქს ხარისხის ბრენდების აუთლეტის აშენება გადაწყდა.
,,აუთლეტის თემა ახალი არ არის. ტბის პროექტის განვითარების პროექტი მუშაობის პროცესშია. ის უნდა ჩაჯდეს ქალაქის განაშენიანების გეგმაში და მისაღები უნდა იყოს რაიონისთვის და მისი ადგილმდებარეობისთვის. ჯერჯერობით მუშავდება. შეთანხმებების ნაწილში არ ვართ ჯერ. ინვესტორებისა და მოწვეული ბიზნესმენების გამოცდილებითა და რჩევებით მივიღეთ გადაწყვეტილება თუ რა იქნებოდა უმჯობესი და უკეთესი ამ ჩემს საკუთარ მიწის ნაკვეთზე რომ გაგვეკეთებინა. ვისაც მაღალი გამოცდილება აქვს ამ დარგში, ამ სისტემაში ზუსტად იმ სპეციალისტების მიერ უკვე 2 წელიწად-ნახევარია მუშავდება პროექტი და საბოლოო გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა აუთლეტის აშენება. ამან საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელობის პროექტის სახე შეიძინა. არქიტექტორულ ნაწილში ძალიან სერიოზული არქიტექტორები მუშაობენ. ჩვენი მხრიდანაც და უცხოელებიც. დასრულების ეტაპზე ვართ, რომ ეს პროექტი შევთავაზოთ ქალაქს. ეს პროექტი შეცვლის ამ ტერიტორიის დანიშნულებას. მოცულობითი პროექტია. 50-დან 60 ათას კვადრატამდე ფართს მოიცავს. ჩემი ტერიტორია შევთავაზე ღიად და გამჭვირვალედ ინვესტორებს და ყველაზე კარგი კონცეფცია დაიდო. განთავსდება მაღალი კლასის, პრემიუმ აუთლეტი. მათ შორის ,,გუჩი”, ,,დიორი” და ყველა მაღალი და პრემიუმ კლასის ბრენდი იქნება. იქნება ასევე გასართობი ცენტრი. რაც აუთლეტის სავაჭრო ცენტრებს ახასიათებს. იქნება კაფეები და ბარები. ქართველ მომხმარებელს საზღვარგარეთ გასვლის მაგივრად შეეძლებათ საქართველოში მიიღონ სერვისი.’’- აცხადებს ნატალია კვანტალიანი.
ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ საუბარში დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობას არ ასახელებს. ამბობს, რომ ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ ბრენდებთან. ინვესტიციების მოცულობა კი ცვალებადია, რადგან თითოეულ ბრენდს თავისი მოთხოვნა და პირობები აქვს. ნატალია კვანტალიანი აცხადებს, რომ საქართველოში ოპერირების დაწყების მიზნით ლუქს ბრენდებთან მისი უცხოელი პარტნიორები აწარმოებენ მოლაპარაკებებს. რაც შეეხებათ ინვესტორებს, მათ ვინაობას ბიზნესმენი არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის უცხოელებიც არიან.
,,მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან. პარალელურად ახლო ადამიანებთან, რომლებსაც საქართველო უყვართ და საქართველოს მიმართ გააჩნიათ კარგი მოგონებები და აქვთ საინტერესო გამოცდილებები და მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული აქვთ პროექტები. ინვესტიციების მოცულობაც მუშავდება, რადგან სხვადასხვა ბრენდს თავისი მოთხოვნილება აქვს, მაგრამ აუთლეტის მიმართულებაში არის თავისი კონცეფცია, რომელსაც თავისი სტანდარტები აქვს. იმ სტანდარტების მიხედვით დადგინდება საბოლოო ციფრები. ბრენდების ნაწილთან შეთანხმებულები ვართ. ნაწილთან მიდის მოლაპარაკებები. უცხოეთში მცხოვრები ჩემი პარტნიორები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოპერირების საკითხზე. 2-3 თვეში გამჟღავნდება ბრენდების ვინაობა.’’- აცხადებს ნატალია კვანტალიანი.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ გლდანის ,,თეთრი ტბის“ გეოგრაფიული მდებარეობა ტერიტორიას განსაკუთრებულ ფუნქციას სძენს. ნატალია კვანტალიანი აცხადებს, რომ ახალი სავაჭრო ცენტრი უცხოელ მყიდველებს მოიზიდავს. მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.
,,საინტერესოა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ევროპა-აზიისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენს სამეზობლოში არიან. ეს აუთლეტი მაგისთვის იქნება, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საყიდლებზე. რატომ მივდივართ იტალიაში, ავსტრიაში, რატომ მივდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, ზუსტად იმიტომ რომ იქ თავის დროზე შექმნეს ეს და ზუსტად ამ გამოცდილების ადამიანებს ვიყენებთ.’’- აცხადება ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ საუბარში.