,,გლაზგოსა’’ და ,,ტარტუს’’ უნივერსიტეტებმა შესაძლოა ,,ილია უნისთან’’ ერთობლივი პროექტი გააჩერონ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,გლაზგოსა’’ და ,,ტარტუს’’ უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივ დიპლომს გასცემენ. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები განათლებას სამივე უნივერსიტეტში იღებენ და უნივერსიტეტები ერთმანეთის კრედიტებს აღიარებენ. თუმცა ცნობილი გახდა, რომ ეს პროექტი შესაძლოა გაჩერდეს.
ინფორმაცია ,,კომერსანტს’’ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ მიაწოდა. მისი თქმით, ,,გლაზგოსა’’ და ,,ტარტუს’’ უნივერსიტეტები რამდენიმე დღის წინ ილიას უნივერსიტეტს დაუკავშირდნენ და დღის წესრიგში პროგრამის გაჩერების საკითხი დააყენეს. გია ნოდია აცხადებს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა, სადაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე გადადებაზე ისაუბრა.
,,ილიას უნივერსიტეტი არის ერთობლივ პროექტებში ევროპულ უნივერსიტეტებთან. ერთად გავცემთ დიპლომებს. გვყავს საერთო სტუდენტები, რომლებიც რაღაც დროს ჩვენთან სწავლობენ, რაღაც დროს ევროპაში. ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე ეჭვი გამოითქვა. უნდა განვიხილოთ უახლოეს ხანებში, შევძლებთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებას თუ არა. საუბარია ,,გლაზგოს’’ უნივერსიტეტსა და ესტონეთში ,,ტარტუს’’ უნივერსიტეტზე. სხვა უნივერსიტეტებთანაც გვაქვს ერთობლივი პროექტები, მაგრამ ეს ორია წამყვანი უნივერსიტეტი. მათი მხრიდან დაისვა გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები. ეს უკავშირდება კობახიძის განცხადებას. მისი განცხადება რომ წაიკითხეს. უნდა განვიხილოთ ეს საკითხი და გადავწყვიტოთ. ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ყოველ წელს დაახლოებით, საშუალოდ 7-8 სტუდენტი ჩამოდის საქართველოში სასწავლებლად. აქ ერთი წლით ანუ ორი სემესტრით რჩებიან. ეს არ არის გაცვლითი პროგრამა. ეს არის ერთობლივი პროგრამა. სამი უნივერსიტეტი გლაზგო, ტარტუ და ილიაუნი გასცემენ ერთობლივ დიპლომს. შეიძლება ითქვას, რომ საფრთხის ქვეშ არის ამ წუთში ეს პროექტი და როგორ გადავწყვეტთ არ ვიცი. დაახლოებით თვის ბოლომდე ან იანვარში გვეცოდინება გადაწყვეტილება.’’- აცხადებს გია ნოდია.