„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ემიგრანტებს არჩევნებისთვის ახალ პროექტს სთავაზობენ

„გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ საპარლამენტო სთვის ახალი პროექტი – „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ – წარადგინეს.
როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პროექტის მიზანია საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცესის მაქსიმალური გამარტივება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად ცხოვრობს ბევრი საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არ არსებობს საქართველოს საკონსულო.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, უცხო ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ მინიმუმ 50 ემიგრანტს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო უბნის გახსნა, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. არსებული მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა რათა მოხდეს უბნის გახსნისათვის საჭირო პროცედურის დაწყება.
ასევე, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც დაეხმარება პროექტის ჯგუფს მათთან კომუნიკაციაში, ან დაგვიკავშირდნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ან „დროას“ ფეისბუქ გვერდებზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლოა, კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს შედეგების განსაზღვრის თვალსაზრისით.