ამ არჩევნების ბედს, ევროპული მომავლის სასარგებლოდ, გადაწყვეტს ქართველი ახალგაზრდობა და ქუდზე კაცი გავა არჩევნების დღეს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი ჯგუშიამ გადაცემსა “რეაქციაში“ განაცხადა.
ჯგუშიას მტკიცებით, “ივანიშვილმა გაამწარა და მძაფრი შინაგანი ტკივილი მიაყენა ახალგზარდებს, ევროპულ მომავალზე უარის თქმით“.
გააბრაზა და დააიგნორა ივანიშვილმა აპრილ-მაისის სამართლიანი, გულწრფელი, ახალგაზრდული პროტესტი რუსული კანონის მიმართ? გაამწარა და მძაფრი შინაგანი ტკივილი მიაყენა ახალგაზრდებს ევროპულ მომავალზე თქმით? ახლა სწორედ ეს ტკივილი იქცა იმ შეუვალ ძალად, რომლის წინაშეც, უბრალოდ უმწეო იქნება ივანიშვილის ნებისმიერი უსუსური მცდელობა არჩევნების გაყალბების თუ ტრიუკების.
ყველაზე დიდი საშინელება, რაც ამ 12 წლის მანძილზე “ოცნებამ“ ჩაიდინა არის ის, რომ დღემდე ცდილობს ჩვენი ღირებულებების, მცნებების გაცამტვერებას. აზრი და შინაარსი დაუკარგა და შეუცვალა ყველა იმ იდეას და იდეალს, რომლისაც ქართველს ყველაზე მეტად სჯეროდა. ივანიშვილის ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაზე დაშორებულია ხალხს, არათუ იმ კეთილდღეობის სახელმწიფოს, რომელსაც ქიმერად გვიხატავს“, – განაცხადა გიორგი ჯგუშიამ.