გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში, კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი(კაკო) ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა გურო იმნაძემ, რომელიც მათ უფლებებს იცავს.
გურო იმნაძე აცხადებს, რომ დაკავებულები აღიარებენ აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტს (თუმცა – არა ჯგუფურად) და მზად არიან აანაზღაურონ ზიანი.
“[სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ემსგავსება იმას, რომ ეს ღონისძიებები ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას”, – ამბობს იმნაძე.
რამდენიმე დღის წინ, 30 იანვარს, პროკურორმა როინ ხინთიბაძემ თქვა, რომ მზად არიან მოითხოვონ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, თუ დაკავებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალს და დაფარავენ მანქანის დაზიანებული ნაწილის ხარჯს.
· კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
· გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
პოლიციამ მოძრაობა “ხმის” თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს – “ხმა” არის ის ორგანიზაცია, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.
პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.
დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.