„გუდვილში“ ფასდაკლება და მათ შორის, ძალიან ღრმა ფასდაკლება იმხელა ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე. არის რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად საქონლის ხორცი, პრემიალური კარაქი, სადაც დიდ ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, თუმცა არის პროდუქტები, რომელზეც ფასდაკლების შემთხვევაში მომხმარებლები არ რეაგირებენ, – ამის შესახებ სს „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე თქმით, „გუდვილი“საშუალო პლუს და ზედა სეგმენტში ოპერირებს.
„გუდვილის“ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ საშუალო მინუს და სხვა სეგმენტზე, ჩვენი სეგმენტი არის საშუალო პლუსი და ზედა სეგმენტი. კოლეგა საუბრობდა აქ, რომ სხვადასხვა უბნების მიხედვით განსხვავებულია მომხმარებლის ინტერესიო, სეგმენტების მიხედვით კიდევ უფრო განსხვავებულია მომხმარებლის ინტერესი. ჩვენთან, მაგალითად, ფასდაკლება და მათ შორის, ძალიან ღრმა ფასდაკლება იმხელა ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე. არის რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად, საქონლის ხორცი, პრემიალური კარაქი, სადაც დიდ ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, თუმცა არის პროდუქტები, რომელზეც ფასდაკლების შემთხვევაში მომხმარებლები არ რეაგირებენ.
რაც შეეხება დანაკარგებს და დანაკლისებს, „გუდვილის“ შემთხვევაში, დანაკლისები „გუდვილს“ აწვება როგორც ხარჯი და არცერთი ჩვენი მომწოდებელი ამ დანაკლისებს თავის თავზე არ იღებს.
ამასთან, ჩვენ, „გუდვილი“ საიჯარო ქირის სახით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იჯარების გადამხდელები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია, იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ პრემიალურ მშენებლობებში, პრემიალურ სავაჭრო ცენტრებში, ყველაზე ძვირიან ადგილებში წარმოდგენილი. იმიტომ, რომ ქონების მესაკუთრე პრემიალურ უძრავ ქონებაში, ცოტა და ხშირად ბევრად ძვირს მეუბნება საიჯარო ფასს, მე არ მიმაჩნია სწორად ეკონომიკური, ბიზნეს თვალსაზრისით, რომ წავიდე აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ორგანოში და ვუთხრა მათ, ქონების მესაკუთრეს აუკრძალე და ჩაუკეტე იჯარის ზედა ზღვარი-მეთქი“,- განაცხადა ხაბაშვილმა.
ამასთან, მან მომწოდებელთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„თუ მე მომწოდებელმა მომაწოდა პროდუქტი რაღაც ფასად, მე ეს მივიღე ამ ფასად, ე.ი ჩვენს შორის შედგა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, ბიზნეს გარიგება. ამის შემდეგ მე სადღაც წავიდე და ვისაუბრო იმაზე, რატომ მომაწოდა ამ ფასად-თქო, სჯობს წავიდე იმ ქვეყანაში, საიდანაც მან იმპორტი განახორციელა და ჩამოვიტანო ეს პროდუქტი თავად. მაგალითად: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30%-ით უფრო იაფი იყო მასთან დახლზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. ანუ მე თვითღირებულებაში რომც გამეყიდა ის ზეთი, მაინც 25%-ით უფრო ძვირი იქნებოდა ჩემს დახლზე, ვიდრე „ორი ნაბიჯის“ დახლზე. რით მოახერხა? – წავიდა და ეს ზეთი პირდაპირ მწარმოებლისგან შემოიტანა.
ამასთან, ჩვენს მზა კვებაში დღეს ბადრიჯნისგან ნაწარმოები ყველა პროდუქტი იყიდება ძალიან დიდ ზარალში. იმიტომ, რომ ბადრიჯნის ფასი იანვართან შედარებით 250%-ითაა გაზრდილი. ბევრი ბაღჩეულის მწარმოებელია ირანი. ბადრიჯანი შემოდიოდა ირანიდანაც, თურქეთიდანაც. რადგან ირანის ბაზარი დაიკეტა, თურქეთმა გააძვირა. საქონლის ხორცის ფასი ბოლო 3-4 თვეში ისეა მომატებული, რომ დახლზე სარეალიზაციო ფასს ვერ და არ ვზრდით. დღეს საქონლის ხორცზე გვაქვს 9% ფასნამატი, ოღონდ თუ ამას გამოვაკლებთ, რა გვიჯდება ამის დამუშავება, იჯარა და ა.შ. ეს პროდუქტიც ზარალიანია, მაგრამ ეს ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია“, – განაცხადა ხაბაშვილმა.



