მე, როგორც დედა და ექიმი, ვფიქრობ, რომ გიორგი არის მოწამლული. ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, ჩვენმა „პატივცემულმა“ პროკურორმა გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური სისტემის დირექტორმა, დავით დარასელიამ – მე მათ ყველას ვადანაშაულებ ჩემი შვილის ლიკვიდაციის ოპერაციაში,- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
ეკა წერეთლის თქმით, მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა.
„გუშინ, შუა ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის სამსახური, ისინი გიორგის სწრაფი ზარის გამო, გიორგისთან ძალიან გვიან შევიდნენ. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა და არ მგონია, რომ დღეს სასამართლოში მოიყვანონ, მით უმეტეს, რომ გაძევებულია სხდომიდან. მე, როგორც დედას, ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს. გაურკვეველი, უდიაგნოზო კრუნჩხვა, რომელიც მას ჰქონდა 13 მარტს, რომლის შედეგად ის ეტლს მიეჯაჭვა, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. დღეს კი, ადამიანს უკვე კანის პრობლემები დაეწყო, რაც ცხოვრებაში არ ჰქონია.
მე, როგორც დედა და ექიმი, ვფიქრობ, რომ ის არის მოწამლული. ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა,რუსულმა მთავრობამ, ჩვენმა “პატივცემულმა” პროკურორმა გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, დავით დარასელიამ. მე მათ ყველას ვადანაშაულებ ჩემი შვილის ლიკვიდაციის ოპერაციაში. დიახ, ასე ვფიქრობ, რომ ციხეში მოწამლეს. ამას სჭირდება ტოქსიკოლოგების გამოკვლევა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა ორგანიზაციას, რომელსაც ხელეწიფება, რომ რამე გაკეთოს“,- განაცხადა ეკა წერეთელმა.
ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ, ჩიკვაიძის მხრიდან გირაოს პირობების დარღვევის მოტივით მიმართა, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
