პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ამბობს, რომ გლდანის ციხეში მყოფმა მისმა შვლმა, ორ თანასაკნელ ირაკლი პაპიაშვილთან და ანრი კვარაცხელიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა.
“მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება – ჯერ საკვების არ მიწოდება, შემდეგ კი დაძალებაა. თითქოს ეს თავად მოითხივეს და მათზე დღეს განხორციელებული “ძველბიჭური” მუქარა ციხის თანამშრომელ ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა, თავს დაგამახსოვრებინებ, ბიჭოო”, – დაწერა ეკა წერეთელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
როგორც ეკა წერეთელი ამბობს, მას დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და აცნობა, რომ გლდანის ციხის მე-8 დაწესებულების საკან 84-ში მყოფმა სამივე პატიმარმა დაიწყო შიმშილობა.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე იახტების გაყიდვისა და გაქირავების კომპანია Azimut Yachts Georgia-ს დამფუძნებელია, რომელიც 2022 წლამდე ქართული ოცნების მხარდამჭერი და თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე იყო. ჩიკვაიძესა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა სწორედ 2022 წელს დაიძაბა.
ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ მასზე ტერორი დაიწყო, არის ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა. ასევე, ჩიკვაიძის თქმით, მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ “სკანდალური ცნობები“ აქვს და ამის გასაჯაროებას გეგმავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით.
ფორუმი




