სამშენებლო კომპანია “ელთ ბილდინგის” იურისტი “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაჟღერებული ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს, რომლის მიზანსაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა ვიტალი ხალვაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ “ელთ ბილდინგი” კომპანია “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ იახტის შეძენის შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდება. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდება წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო – თითოეულს 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. თავად გიორგი ჩიკვაიძე კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა.
“ელთ ბილდინგის” წარმომადგენლებმა დავის დეტალების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები, რომლებიც ჩვენს კომპანიას და საქართველოს პროკურატურას ეხება, არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ჩვენს და პროკურატურის დისკრედიტაციას, ვინაიდან მას სურს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს და მსხვერპლის მანტია მოირგოს. მის მიერ გაჟღერებული ფაქტები და ინფორმაცია ერთ რამეს ემსახურება, რომ როგორმე დააღწიოს თავი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“,- თქვა “ელთ ბილდინგის” იურისტმა ვიტალი ხალვაშმა.
რაც შეეხება დავის დეტალებს, კომპანია “ელთ ბილდინგის“ განცხადება შემდეგია:
„დეველოპერული კომპანია “ელთ ბილდინგსა” და “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმას“ შორის 2022 წლის სექტემბერში ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებმა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა კომპანია “ელთ ბილდინგის” მიმართ იახტის ჩამოყვანის ვალდებულება აიღეს, რისთვისაც კომპანია “ელთ ბილდინგმა “რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ანგარიშზე 416 000 ევრო ჩარიცხა. ხელშეკრულების თანახმად, იახტის ჩამოყვანის ვადა 2023 წლის აგვისტოს თვე განისაზღვრა.