ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი (გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში გაჩხრიკეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ფინანსური პოლიციის) თანამშრომლები სასამართლოს შენობაში მასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც მის წინააღმდეგ ფულის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხის განხილვა დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება – გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარებულიყო ირაკლი პაპიაშვილისა და მისი თანმხლები პირის გადაუდებელი ხრეკა: „დადგენილებაში წერია, რომ ეძებენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას“.
პაპიაშვილმა ადვოკატის ჩართვის შემდეგ განაცხადა ჩხრეკაზე თანხმობა – სასამართლომ ამისთვის ერთ-ერთი ოთახი გამოყო. ჩხრეკა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ჩხრეკა ტარდება მისი და მისი ბიზნესპარტნიორის, გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლებშიც.
„ერთადერთი სიგარეტი მედო. არაფერი კანონსაწინააღმდეგო მე არ მქონდა. რა თქმა უნდა, ინფორმაციის მატარებელი არ მქონდა…
დღეს ველოდი ჩემს დაპატიმრებას, ამიტომ ტელეფონიც არ წამოვიღე. გაჩუქებული მაქვს…“ – უთხრა ჟურნალისტებს პაპიაშვილმა მისი პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ.
ირაკლი პაპიაშვილის პირადი ჩხრეკის შემდეგ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ავტომობილში განაგრძეს.
„[ელექტრონული ინფორამციის მატარებელი მოწყობილობები], სადაც ინფორმაცია იქნება შენახული, სახლში კი არა, საქართველოში არ გვაქვს. შეუძლიათ საზღვარგარეთ ჩაატარონ ჩხრეკა და შეიძლება სადმე იპოვნონ…
გიორგის ჰქონდა მტკიცებულებები, ნაწილი გაასაჯაროვა. არის კიდევ რაღაც მტკიცებულებები, რაც საზღვარგარეთ არის გატანილი. ვერაფერს ვერ იპოვიან…“ – თქვა პაპიაშვილმა.
გიორგი ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რუს სპეცსამსახურებთან კავშირს დაადასტურებს.
დღეს, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფულის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენების: გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. პროკურორი ამბობდა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეც:
„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [ გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.
სწორედ ახალი საქმის აღძრა იყო გარემოება, რის გამოც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ჩიკვაიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი პაპიაშვილი კი გაათავისუფლეს.
გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმე
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.
ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.
ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა – მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.
გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ დაფმუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, – რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, – „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. თავდაპირველად სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000-50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
