გიორგი ჩიკვაიძე – ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს ჩემს საქმესთან დაკავშირებით

ჩვენ გაგვასამართლა ჯალათმა კელენჯერიძემ, რომელმაც არცერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა. შემდეგ მითხრეს, „ხაზარაძეს და ბაჩიაშვილს რა ვუქენით და შენ კაპიტალიც არ გაქვსო“ – ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს ჩემს საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულმა, გიორგი ჩიკვაიძემ სააპელაციო სასამართლოში პროცესზე განაცხადა.
„11 წლის წინ დავიწყე ეს საქმიანობა. 16 იახტა მყავს ჩამოყვანილი. ერთი ს, რომელიც „ეფ-ეს-ბეში“ გააგზავნა.
შემდეგ მათ მომთხოვეს, რომ ქვეყანაში უკანონო ნივთიერება შემომეტანა. პირველ ჯერზე ამაში მონაწილეობა მივიღე, მაგრამ შემდეგ მონაწილეობის მიღება აღარ მინდოდა. ხელისუფლება და კონკრეტული პირები ალიანსში იყვნენ ერთმანეთთან. ამის შემდეგ, აჭარაში დაიწყო გამოძიება. აჭარის პროკურორი, თბილისში მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დაიბარა, ამის შემდეგ ეს საქმე გაქრა. როდესაც გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნა, ეს საქმე თბილისში გაცოცხლდა.
ჩვენ გაგვასამართლა ჯალათმა კელენჯერიძემ, რომელმაც არცერთი შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა. შემდეგ მითხრეს „ხაზარაძეს და ბაჩიაშვილს რა ვუქენით და შენ კაპიტალიც არ გაქვსო“. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, ჩემს საქმესთან დაკავშირებით. საზღვარზე ვნახეთო და აღკვეთის სასჯელად პატიმრობა გამოიყენეს“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ამასთან, მან მიმართა იუსტიციის მინისტრს.
„ბატონ სალიას მინდა მივმართო, გამოთხოვილი მაქვს ჩემი დოკუმენტაცია და გავასაჯაროებ 22 სექტემბრის ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოგვიგდეს.
საზოგადოებამ არ იცის, რომ ციხეში ბევრი პატიმარი შიმშილობს, რომ ეს კაცი [რამაზ ფირცხალავა] გლდანის ციხის უფროსად არ დაინიშნოს. დღეს იძახის, რომ „ნაცები” აწყობენ აქციასო და „ნაცი” მოჰყავს ციხის უფროსად.
ამ სასამართლოს პირობებში, 13 ნოემბერს, 12 საათზე, მინდა საჯარო გავხადო FBI-ის 13 მაღალჩინოსნის სრული დოკუმენტაცია, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, თუ რას სჩადის ჩვენი ხელისუფლება, ქვეყნის წინააღმდეგ”,- განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
საქმე „ელთ ბილდინგის“ საჩივარს ეხება, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულებმა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითურად მიითვისეს. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩიკვაიძეს 9 წლით, ხოლო პაპიაშვილის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის“ მსჯავრდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.