„TV პირველის” გადამღებ ჯგუფს დღეს მარტვილში თავს დაესხნენ, წაართვეს ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილსა და ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ისინი გადაღებაზე მარტყოფში იმყოფებოდნენ – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გადადგომის მიზეზების გასარკვევად მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, რა დროსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამა მათ თავს დაესხა.
„ვიმყოფებოდით გიორგი შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლში. მას შემდეგ მოვედით აქ, რაც ვიცე-გუბერნატორმა სოციალურ
ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ტოვებდა თანამდებობას.ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მის მამასთან, ჩავწერეთ ინტერვიუ და მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ეს ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა. როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ.
ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე – თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა, რომლითაც ვიღებდით, ვწერდით ამ ინტერვიუს. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში მეჭირა ჩემი კუთვნილი მობილური, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ”,- ამბობს ჟურნალისტი.
ჟურნალისტს ადგილზე სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. როგორც დღის ბოლოს გაირკვა, მას ტვინის შერყევა აქვს და კლინიკაში რამდენიმე დღე უნდა დარჩეს.
„TV პირველის” ცნობით, ადგილზე პოლიცია საათისა და ოცი წუთის დაგვიანებით მივიდა.
„შეძლებისდაგვარად მოვედით, კიდევ სხვა ინციდენტი რომ ავიცილოთ თავიდან”, – ასე პასუხობენ პოლიციელები „TV პირველის” შეკითხვას, 1 საათი და 20 წუთი რატომ მოანდომეს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ადგილზე მისვლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.