გიორგი შერმადინი ფინეთთან მეორასე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ხოლო ფინეთმა – სერბეთი. ქართველები და ფინელები ერთმანეთს მეოთხედფინალში 10 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება ამ გუნდების მეათე მატჩი ისტორიაში. საქართველო 5:4-ს იგებს.
ფინეთის ნაკრებში გიორგი შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი საშუ სალინი თამაშობს, რომელმაც სერბეთთან მოგების შემდეგ (მაშინ ჯერ საქართველოს საფრანგეთთან მოგებული არ ჰქონდა) პირველ არხთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. შეკითხვაზე, ვის ისურვებდა მეოთხედფინალში მეტოქედ, შერმადინის საქართველოს თუ იაბუსელეს საფრანგეთს, სალინმა გვიპასუხა:
– რა თქმა უნდა გიორგი შერმადინს. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, სიამოვნებით ვითამაშებდი მეოთხედფინალში საქართველოს წინააღმდეგ. ფრანგებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ფინეთმაც დაამტკიცა, რომ გრანდებთან მოგება შესაძლებელია.
გავიდა ერთი დღე და უკვე შერმადინს ვესაუბრეთ სალინსა და ფინეთზე:
– საქართველო-საფრანგეთის მატჩის დაწყებამდე სასუ და მისი თანაგუნდელები დარბაზში ვნახე. მითხრეს, რომ ჩვენ გვიქომაგებდნენ. ჩემი მხრიდან დავპირდი, რომ საფრანგეთს მოვუგებდით და მეოთხედფინალში ფინეთს შევხვდებოდით. სიტყვა შევასრულე. ახლა უკვე სუომისთვის მოვემზადებით, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ.
გიორგი შერმადინისთვის ფინეთთან მატჩი სანაკრებო კარიერაში მე-200 იქნება. იგულისხმება როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური შეხვედრები.
– ძალიან მიხარია, რომ მეორასე მატჩს ევრობასკეტზე ვატარებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამავე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ მოიმატებს ჩემი სანაკრებო მატჩების რაოდენობა, ვეცდებით, რაც შეიძლება წინ წავიდეთ. ამას დაემატება კიდევ ორი შეხვედრა ნოემბრის ფანჯარაზე – 27 ნოემბერს თბილისში სთან, ხოლო 30-ში – ტენერიფეზე, ესპანეთთან. ამის შემდეგ უკვე სანაკრებო კარიერას დავასრულებ. პირველი არხი