გიორგი შარკოვი – რეაბილიტაციის დაწყებისას, ერთდროულად 2-3 მეტროსადგურის განახლება იქნება შესაძლებელი – სამშენებლო ტენდერის გამოცხადება 2025 წლის დასაწყისში იგეგმება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის განაცხადებით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაწყებისას, ერთდროულად 2-3 მეტროსადგურის განახლება იქნება შესაძლებელი.
როგორც მან აღნიშნა, სამშენებლო ტენდერის გამოცხადება 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, დეტალური თანმიმდევრულობა რომელი სადგური როდის განხორციელდება, ამის შემდეგ გადაწყდება.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, 12-ვე მეტროსადგურის რეაბილიტაცია 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, 12-ვე სადგურს ერთად ვერ დავიწყებთ, ეს იქნება გეგმაზომიერად გადალაგებული ისე, რომ მგზავრებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ. მიგვაჩნია, რომ 2-3 სადგურის ერთდროული რეაბილიტაცია შესაძლებელია და აქედან გამომდინარე, პროცესს 5 წელზე ვთვლით. სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება 2025 წლის დასაწყისში, დეტალური თანმიმდევრულობა რომელი სადგური როდის განხორციელდება, ამის შემდეგ გადაწყდება. სამწუხაროდ, მეტროს ინფრასტრუქტურა ძალიან მოძველებულია. როცა შევდივართ, ჩვენი პოლიტიკაა ხარისხიანად და ძირფესვიანად გავაკეთოთ. არ ვართ ფასადურ რეაბილიტაციაზე ორიენტირებულები. როცა ხელს ვკიდებთ, გვინდა, რომ კაპიტალურად გავაკეთოთ”, – განაცხადა შარკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ