გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიის იმ 12 წევრიდან, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, 8 წევრი სხვადასხვა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია, ამიტომ ყველა ვალდებულია, საკრებულოს მანდატი დატოვოს – ეს არის და ეს!

ჩვენი პარტიის იმ 12 წევრიდან, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, 8 წევრი სხვადასხვა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია და ყველა ვალდებულია, საკრებულოს მანდატი დატოვოს – ეს არის და ეს! – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ განუცხადა.
შარაშიძის განმარტებით, მათი პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მიმართვა მხოლოდ პროცედურული დანიშნულებისაა და არავითარი სიახლე მასში არ არის.
შარაშიძის თქმით, “ოცნება“ პროცედურული საკითხის პროპაგანდისტულად შეფუთვას ცდილობს.
შარაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
“ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რა არის აქ სიახლე. ყველამ იცის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას პარლამენტის მანდატები არ დაუტოვებია და საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს აქამდეც ცნობილი იყო.
ჩვენი სურვილის მიუხედავად, პარლამენტმა საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე 12 ადგილმონაცვლის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ამ 12 წევრიდან 8 წევრი სხვადასხვა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. კანონის მიხედვით, ყველა დეპუტატი, რომელიც საკრებულოს წევრია, ვალდებულია საკრებულოს მანდატი დატოვოს – ეს არის და ეს. არანაირი სხვა პროცედურა აქ არ არის. ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყავით და დღესაც პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით. გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია და ამ ეტაპზე მის გადახედვას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი მთავარი ფოკუსი მიმართულია მუნიციპალური სკენ.
საკითხი მხოლოდ პროცედურულია და ამის შეფუთვა “ოცნების“ პროპაგანდისტული მიზანია – ამაში სიახლე არაფერია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, „პარტიამ გახარია – საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა