ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საპატიმროში ხილვა არ მინდა, ზურაბ ჯაფარიძეს ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია თავისუფლებაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, მის დაპატიმრებას დავგმობთ, – ამის შეახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისია დეზინფორმაციისთვის გამოიყენება და პოლიტიკურმა ლიდერმა, „საზოგადოება „ოცნების“ მოედანზე, „ოცნების“ პირისპირ მარტო და დაუცველი არ უნდა დატოვოს“.
„ამ კომისიის საშუალებით “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და დეზინფორმაციითა და სტრესით ცდილობს ფონს გავიდეს და თავისი დანაშაულები გადაფაროს. წულუკიანმა დღემდე ვერ გაბედა „ოცნების“ მიერ შეფარებული, აღზევებული და დაწინაურებული ის მაღალჩინოსნები დაებარებინა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანაშაულებს ჩადიოდნენ. გიორგი გახარიას კომისიაში მისვლის საკითხი ინდივიდუალური იყო. მათ შორის, ჩვენს პარტიაშიც იყო გაყოფილი მოსაზრება გიორგი გახარიას მისვლა-არ მისვლასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ მათსავე მოედანზე, პირშივე უთხრა სათქმელი და საქართველოს მოქალაქეები დეზინფორმაციისგან დაიცვა. როდესაც პოლიტიკოსებმა მისვლაზე უარი განაცხადეს, დიდი ალბათობით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამას საქმის პროკურატურისთვის გადაცემა მოჰყვებოდა, მათ კი ეს გზა აირჩიეს. მე არცერთი, მით უფრო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საპატიმროში ხილვა არ მინდა, ზურაბ ჯაფარიძეს ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია თავისუფლებაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, მის დაპატიმრებას დავგმობთ. გირაოს გადახდა-არ გადახდაც ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, თუმცა გვინახავს პოლიტიკოსები, რომლებიც საპატიმროდან აგრძელებდნენ პროტესტს.
„ოცნება დღეს ძალადობასა და დეზინფორმაციაზე დგას. ამიტომ, როდესაც შენ საქართველოს მოქალაქეებს, „ოცნების“ მოედანზე, „ოცნების“ პირისპირ მარტო და დაუცველს ტოვებ, რა სჯობს, მიხვიდე თუ არ მიხვიდე? სიმართლის დადგენას უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება, ვიდრე გირაოს გადახდა-არ გადახდას, ან ერთწლიან პატიმრობას“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისივე თქმით, „ოცნებამ“ საინფორმაციო ბერკეტი და ტრიბუნა შექმნა და პოლიტიკურ ლიდერს უნდა ჰქონდეს იმის გამბედაობა, რომ „მტრის მოედანზეც შეასრულოს შესასრულებელი როლი“.
„გირაოს გადახდაც შესაძლოა ხელისუფლებასთან თანამშრომლობად ჩაითვალოს. „ოცნებამ“ საინფორმაციო ბერკეტი და ტრიბუნა შექმნა და თუ შენ პოლიტიკური ლიდერი ხარ, გამბედაობა უნდა გეყოს, რომ მტრის მოედანზეც შეასრულო შესასრულებელი როლი, მიხვიდე და სიმართლის თქმა გაბედო. ჩვენი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი თანმიმდევრულობაა. სხვა პოლიტიკოსების თანმიმდევრულობა ჩვენი შესაფასებელი არ არის, ჩვენ ვხედავთ მათ თანმიმდევრულობასაც და არათანმიმდევრულობასაც. მთავარია ჩვენ ორი ამოცანის გარშემო კოორდინაცია შევძლოთ – ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების კუთხით. დანარჩენი ეს პოლიტიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხია, თუმცა მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. შეიძლება ამ ყველაფერს „ოცნებისთვის“ დროის მოკლე მონაკვეთში რაღაც სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი „ოცნებას“ დაასუსტებს“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, გიორგი შარაშიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შეფასება, რომ მარკო რუბიოს განცხადება აჩვენებს იმას, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, არასწორია.
„ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიცია არ არის ცნობილი – არასწორია. მკაფიოდ ითქვა, რომ ისინი ფიქრობენ, რა ზომები გაატარონ ანტიამერიკული ხელისუფლების მიმართ. როცა რუბიომ „ოცნებას“ ანტიამერიკული მთავრობა უწოდა, ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ გადაასხვაფერებს. დიახ, საქართველოს ანტიამერიკული მთავრობა ჰყავს. იმ დონეზე ჩამოშალა „ოცნების“ პროპაგანდა, რომ მაკა ბოჭორიშვილი იმაზე საუბრობს, რომ – „ეს განცხადება კი არა, კითხვაზე პასუხი იყოო“. ამ ქვეყანაში აშშ-ს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო. აშშ ქართველი ხალხის გვერდით იქნება, რაც არ უნდა შეიცვალოს მათი გლობალური პოლიტიკა. გახარიას პრემიერობის დროს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზე იყო ასული და დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება იმის იმედადაა, აშშ-მ საქართველოს საკითხი მეორე პლანზე გადაწიოს. გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი ის პროპაგანდა, რომ ისინი აშშ-სთან რაღაცას ალაგებენ – ჩამოიშალა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ასევე პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ალბანეთში ვიზიტსა და ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს ხელის ჩამორთმევის, აწევის, დაქნევისა და გამოლაპარაკების იმედადაა.
„ქართული ოცნება“ ხელის ჩამორთმევის, აწევის, დაქნევისა და გამოლაპარაკების იმედადაა, ავიწყდებათ, რომ ევროპელი ლიდერები მათსავით ველურები არ არიან. „ოცნება“ დღეს ეტიკეტის დონეზე გადასული ურთიერთობების, პარტნიორებთან ურთიერთობაში პროგრესად გასაღებას ცდილობს. ეს მცდელობაა ყველაფერში პროპაგანდისტული ხაზი გამონახონ. ვინ რა იცის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რის გამო ჰქონდა თავი ჩახრილი? ვინმე თუ ფიქრობს, რომ კობახიძეს თვალებში ვერ უყურებდა, ღიმილის მომგვრელია. თავად გადაჭრეს და არ დაიტოვეს აღარანაირი მექანიზმი თანამშრომლობისა, თუმცა ვხედავთ, რომ ევროპელები „ოცნებას“ მაინც „გასასვლელს“ უტოვებენ. ბრიტანელ პოლიტიკოსს იმის უფრო რცხვენია, რომ ქვეყანა, რომლის იმედადაც იყვნენ და უზარმაზარი რესურსი ჩადეს, სხვა მხარეს მიემართება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ასევე, გიორგი შარაშიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ შორის იმაზე ისაუბრა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მხრიდან, შესაძლოა, ისევ კახა კალაძე იყოს. მისი თქმით, „თავისუფალი არჩევნების პირობებში ვერც კახა კალაძე, ვერც გიორგი ტყემალაძე და ვერც „ოცნების“ რომელიმე ლიდერი თბილისის მერი ვერ გახდება“.
„კახა კალაძე არის ყველაზე გამორჩეული ანტიევროპული, ყველაფრის მკადრებელი მერი. ის რეკორდსმენია იმ კორუფციის მხრივ, რომელიც მერიაშია. მე არ მესმის, რა მოლოდინი არსებობს იმ მერისგან, რომელმაც თბილისში ელემენტარული საკითხები ვერ მოაგვარა, რომ აღარ ვილაპარაკო მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერზე. იმ დროს, როცა ევროპულ განცხადებაზე ხელმომწერ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს სამსახურიდან უშვებს და შემოსავლის გარეშე ტოვებს, ამ დროს ბიუჯეტში ფულს პოულობს, რომ „ოცნების“ პროპაგანდისტ მომღერლებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ათასობით ლარი გადაუხადოს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი, რომელიც თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა, კალაძის ნოტარიუსია, კალაძის მიერ მიღებულ, თბილისისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს ტყემალაძის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ასევე შესაძლოა, თავად ტყემალაძეც იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა თავისუფალი არჩევნების პირობებში ვერც კალაძე, ვერც ტყემალაძე და ვერც „ოცნების“ რომელიმე ლიდერი თბილისის მერი ვერ გახდება“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
