რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანების ხარჯზე – არ ვამბობთ, რომ დღესვე უნდა დავიწყოთ, „ოცნებამ“ რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს კიდევ უარესი მოხდება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან „უნდა ვილაპარაკოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სუვერენიტეტის აღდგენაზე და ა.შ.“.
„რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი და არც ჩვენი გუნდი არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანების ხარჯზე. რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია და ამ გეოგრაფიას ვერავინ შეცვლის. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთს გვერდს ვერ აუვლი გეოგრაფიულად. აქ მთავარია, პოლიტიკურად საით მიდის ქვეყანა. ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკურად ქვეყანა, რა თქმა უნდა, უნდა წავიდეს ევროატლანტიკური სივრცისკენ, უნდა აღდგეს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. რეალური, სტრატეგიული მშვიდობა დღეს იქმნება სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო. რა მშვიდობასაც საქართველოში გვთავაზობს „ოცნება“, არის დროებითი. ამას სტრატეგიულ მშვიდობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მთლიანად იზოლაციაში დატოვა „ოცნებამ” ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადა და რუსეთთან, რომელიც ჩვენი მართლა მტერია, კოლაბორაციაშია.
თქვენ მეკითხებით, რომ ევროპული ქვეყნები საუბრობენ რუსეთთან კომუნიკაციაზე, დიალოგზე. კომუნიკაციას ვერც ჩვენ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ. მთავარია რა პოზიციიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე გაქვს ეს კომუნიკაცია, თორემ კომუნიკაციის პრობლემა არ დგას. ძალიან კარგია, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. ამიტომ სხვა პირობებით, სხვა დათქმებით უნდა შევიდეთ ამ ურთიერთობაში, მაგრამ ის, რომ საერთოდ ჩავკეტოთ და არანაირი კავშირი არ გვქონდეს, მე მგონი, სწორი არ არის. როდის იქნება ამის დრო, ვინ იქნება ამაში ჩართული სხვა კითხვებია. ჩვენ არ ვამბობთ რომ დღესვე უნდა დავიწყოთ. ეს მართლა ვინ უნდა დაიწყოს?! „ოცნებამ” რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს კიდევ უარესი მოხდება. ჩვენ ზოგადად ვამბობთ,” – განაცხადა შარაშიძემ.




