„ქართული ოცნება“ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, კორუფციისთვის იბრძვის – ამით აიხსნება კობახიძე-კალაძის კორუმპირებული კლანის მიერ ღარიბაშვილის ბიზნეს ინტერესების საკუთარ კონტროლს დაქვემდებარება – ამის თვალსაჩინო მაგალითი ღარიბაშვილისა და „ოცნების“ კარის ბიზნესმენის ნოშრევან ნამორაძის შევიწროებაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შარაშიძის თქმით, კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა „ადასტურებს იმას, რომ კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ კალაძესთან ერთად ცდილობს „ოცნების“ შიგნით არსებული კლანების ჩანაცვლებას და პარტიული შავი ყულაბის სრულად გაკონტროლებას“.
„ვეხმაურებით, „ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ, კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის ფასადურ კამპანიას, რასაც კორუფციის წინააღმდეგ რეალურ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ, უნიჭო წინასაარჩევნო სპექტაკლია და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად!
სინამდვილეში, „ოცნება“ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, კორუფციისთვის იბრძვის!
სწორედ კორუფციის უფლების მოპოვების განზრახვით აიხსნება კობახიძე –კალაძის კორუმპირებული კლანის მიერ მათი ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის, ყოფილი პრემიერის – ღარიბაშვილის ბიზნეს ინტერესების საკუთარ კონტროლს დაქვემდებარება. ამის თვალსაჩინო მაგალითი ღარიბაშვილისა და „ოცნების“ კარის ბიზნესმენის ნოშრევან ნამორაძის შევიწროებაა.
„ოცნების“ მიერ კორუფციასთან ვითომდა ბრძოლა, სინამდვილეში, ფინანსური ინტერესების გადანაწილებისა და კლანებს შორის უპირატესობის მოპოვებისთვის ბრძოლაა, რომ ამჯერად, მხოლოდ კობახიძე – კალაძის კორუმპირებულმა კლანმა დაამყაროს სრული კონტროლი „ოცნების“ მიერ სისტემურად აწყობილ კორუფციული შემოსავლების წყაროებზე!
სწორედ ამიტომ, „ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ თბილისის მერის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კობახიძე კორუფციის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ კალაძესთან ერთად ცდილობს „ოცნების“ შიგნით არსებული კლანების ჩანაცვლებას და პარტიული შავი ყულაბის სრულად გაკონტროლებას.
ერთი მხრივ, საზოგადოებას ატყუებდე, რომ კორუფციას ებრძვი და მეორე მხრივ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კალაძეს თბილისის მერად წარადგენდე და თან უშუალოდ იყო ჩართული მის საარჩევნო კამპანიაში, ხალხს მოუწოდებდე კალაძის მხარდაჭერისკენ, ეს ისეთივე აბსურდი და ტყუილია, როგორც „ოცნების“ პირობებში, საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება.
კორუფცია ქვეყნის ღალატის ტოლფასი დანაშაულია და „ოცნება“ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა! მას არ უშველის ყოფილი თანაგუნდელების და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების დაკავებები, არამედ მოუწევს სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერვე დანერგილ სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაზე!
ჩვენი პოლიტიკური ძალა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ჰპირდება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ მიერ ამ ქვეყანაში მშვიდობიანად, არჩევნების გზით „ოცნების“ მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დამარცხების შემდეგ, დაუნდობელ ბრძოლას გამოვუცხადებთ კორუფციას. შევქმნით ანტიკორუფციულ კომისიებს საკრებულოებში, ანტიკორუფციულ ბიუროს გავათავისუფლებთ პარტიული გავლენისგან, მივანიჭებთ დამოუკიდებლობის მაღალ სტანდარტს, კორუფციასთან ბრძოლის რეალურ ბერკეტებს, მათ შორის საგამოძიებო ფუნქციას. ერთხელ და სამუდამოდ, დავასრულებთ კორუფციას, რაც ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასი დანაშაულია და ამ დანაშაულს არავის ვაპატიებთ!“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
