არ შეიძლება ადამიანები იმის გამო დასაჯო, რომ არ გაღიარებენ, მაგრამ ძალაუფლება გაქვს და შენს ხელშია ბერკეტი – არ მაღიარებთ?! – იდგებით თოვლსა და ყინვაში! ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ზოგადად, „ოცნებას“ ხალხის მიმართ! – ასე ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი შარაშიძე მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტს და მსჯავრდადებული აქტივისტების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს.
როგორც შარაშიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, რომც დავუშვათ, რომ შეწყალებულ 149 პატიმარს შორის აქციის მონაწილეებიც არიან, უკვე იმდენად მძიმე სურათი დადგეს და ხალხს იმდენად დიდი ჯოჯოხეთი მოუწყვეს, რომ ამ სიხარულსაც ხაზს გადაუსვამს.
შარაშიძის შეფასებით, “ოცნება“ ყველაფრის ჩამამწარებელი რეჟიმია, რომელსაც ადამიანურობასთან და ჰუმანურობასთან არაფერი აქვს საერთო.
“ოცნებამ“ შეწყალების აქტის არსიც კი წყალს გაატანა. შეწყალება ჰუმანური აქტია და ის, რაც გუშინ მოხდა – დაგვიანებით, გაწელვით, ადამიანების ფაქტობრივად ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში ჩაგდებით – ჰუმანურობასთან კავშირი არა აქვს. არსებობს ტერმინი “წამება“ და “არაადამიანური“ მოპყრობა. არ შეიძლება სხვა რამ დავარქვათ იმ ყველაფერს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ პატიმრების ოჯახის წევრების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ ამინდიც, როცა ადამიანები მთელი დღის განმავლობაში თოვლსა და ყინვაში ელოდებოდნენ.
“ოცნება“ ჰუმანური რეჟიმი არ არის! წამება და არაადამიანური მოპყრობა მხოლოდ ციხეებში წამებას არ ნიშნავს. არსებობს ფსიქოლოგიური წამება და ადამიანებზე ემოციური ზემოქმედება, როდესაც ადამიანების მიმართ არანაირ ემპათიას და თანაგრძნობას არ ავლენ და სჯი. ეს იყო შურისძიება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები დანაშაულს არ აღიარებენ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტის ინსტიტუტს ლეგიტიმურად არ აღიარებენ. პირადად ყაველაშვილი არაფერს წყვეტს – რა სიასაც შეუტანენ, ნოტარიუსის პრინციპით იმ სიას მოაწერს ხელს, მაგრამ შურისძიება არის იმის გამო, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ დანაშაულს არ აღიარებენ, არამედ არ აღიარებენ პრეზიდენტს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუტს.
დღეს სახელმწიფოს ინტერესია ვითარების ნორმალიზება. გასაგებია, რომ ეს ადამიანები და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ შეეგუება იმ ყველაფერს, რასაც “ოცნება“ აკეთებს – ქვეყნის სტრატეგიული გზიდან გადახვევას, არაადამიანურ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესი დგას იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანების მიმართ ადამიანური დამოკიდებულება იყოს.
ახლა“ოცნება“ გამოვა და იტყვის: – საერთოდ რატომ გქონდათ შეწყალების მოლოდინი? ვინმემ რამე გითხრათ?! – ეს იქნება “ოცნების“ პასუხი!
შურისძიება ხდება იმიტომ, რომ ეს ადამიანები ასე ვაჟკაცურად იქცევიან – მართლა რა დანაშაული უნდა აღიარონ?! გავიხსენოთ, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე – თუკი რაიმე გადაცდომა იყო დემონსტრანტების მხრიდან, ესეც კი “ოცნების“ მიერ იყო პროვოცირებული. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ისეთი მშვიდობიანი აქციები, როგორც იყო შარშან, არ მახსოვს – იმის მიუხედავად, რომ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ასეთი ღირსეული, მშვიდობიანი და ევროპული სტანდარტის აქცია და ჩვენი ხალხის ღირსეული პოზიცია იშვიათად შეიძლება გავიხსენოთ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან. იმის მაგივრად, რომ “ოცნებას“ დაეფასებინა, რომ ქუჩაში 200 000 ადამიანი იდგა და არავინ არსად არ შეჭრილა, ამ ხალხს ასე ექცევა.
“ოცნებამ“ ხალხთან ყველა ხიდი და ძაფი ჩაჭრა, ქვეყანაში შემდგარი ავტოკრატიაა, რომელიც იმის გამო, რომ ხელთ ძალაუფლების ბერკეტები აქვს, მზად არის საკუთარი ინტერესებისთვის და ეგოს დაკმაყოფილებისთვის შური იძიოს!“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძის თქმით, ის რაც პირველ რიგში პოლიტიკაში უნდა შეიცვალოს, არის ის, რომ დღის წესრიგში რეალური, პრაგმატული პოლიტიკა უნდა შემოვიდეს. როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, დღეს ოპოზიციური ალტერნატიული ცენტრის შექმნის ანონსზე მეტი დრო იხარჯება, ვიდრე თავად ალტერნატიული პოლიტიკის კეთებაზე.
შარაშიძე იმისაც ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ ალტერნატივად გაერთიანება, საჩუქარია ივანიშვილისთვის.
“მუდმივად არის ანონსი: – „ხვალ გეტყვით, როგორ შევქმნით პოლიტიკურ ალტერნატივას“. “ოცნება“ არის პოლარიზაციის შემოქმედი. როდესაც ერთობაზე საუბარი, ერთობა იდეის გარშემო, რასაკვირველია, მისასალმებელია, მაგრამ როცა საუბარია პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასა და ერთ ქვებში მოხარშვაზე, ვინ დაადგინა, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული და ეფექტური მეთოდი “ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?! ვინ დაადგინა, რომ ეს ერთობა ყველაზე უფრო სწორი გზაა?! – თავად ივანიშვილი და “ოცნება“ არ არის ორპოლუსიანობის დამნერგავი? შუა უნდა გაიკრიფოსო – ეს ივანიშვილის ნათქვამი არ არის?!
ივანიშვილი და “ოცნება“ ყველაზე ეფექტურად მაშინ ინარჩუნებს ძალაუფლებას, როდესაც ერთ მხარეს არის “ოცნება“ და მეორე მხარეს – მეორე პოლუსი. თვითონ “ოცნება“ ხარჯავს დიდ რესურსს იმაში, რომ ოპოზიციის მხარეს ყველა ერთად იყოს. ეს საჩუქარი ჩვენ რატომ უნდა გავუკეთოთ?!“ – განაცხადა შარაშიძემ.




