გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“

ვინ ვინ და ლევან სანიკიძის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება და რა სახელი ერქმევა ჩვენ გუნდს – ჩვენ ამ ხალხთან არანაირი საქმე არ გვაქვს – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ არის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებას უპასუხა.
შარაშიძე ამბობს, რომ მისი პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნებისმიერი მათი განაყოფი წითელი ხაზია“.
„ჩვენ ვინ ვართ, ამას ჩვენი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს. ვინ ვინ და ლევან სანიკიძის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება და რა სახელი ერქმევა ჩვენ გუნდს. ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჰქვია „საქართველოსთვის”, ამიტომ ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, პირველ რიგში, ვაკეთებთ საქართველოსთვის. სჯობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ უპასუხისმგებლო ქმედებებს მიხედოს, პასუხისმგებლობა აიღოს 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე და ყველაფერზე, რაც საბოლოო ჯამში, როგორც წესი, იწვევს „ოცნების” რეჟიმის გაძლიერებას და არა მის დასუსტებას. როდესაც თავად ცდილობენ, მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოადგინონ თავი, „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პირველ რიგში, გასცენ ამ კითხვას პასუხი – რატომ არ იღებენ პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერზე, რამაც გააძლიერა „ოცნება” და დაასუსტა ოპოზიცია და ამის შემდეგ გააგრძელონ საუბარი სხვა საკითხებზე.
ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს. ეს ჩვენი ინტერესის საგანი არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი, სრულიად განსხვავებული ტაქტიკაც და სტრატეგიაც. ამ ხალხთან, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან”, არანაირი საქმე არ გვაქვს – არც გვქონია, არც გვაქვს და არც გვექნება მომავალში. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი არის წითელი ხაზი. ერთხელ და სამუდამოდ ამაზე უნდა შევთანხმდეთ. თვითონ რა სურთ და რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, ჩვენს ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენს,” – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე წლებია მისი პარტიის გარშემო ტრიალებს.
მისი თქმით, ბოლო 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობის საფუძველზე აგებს, ხოლო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საკუთარ იდენტობას იმით განსაზღვრავს, რომ „ნაცები არ არიან“.
“ქართული პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს: „ოცნება“ დღის წესრიგს ჩვენი პარტიის წინააღმდეგობის საფუძველზე აგებს, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა ვინ არიან?,” – განაცხადა სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ