გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ უკანონო ბრძანების გამცემი. ძალიან კარგად იცის ყველამ ამ ქვეყანაში, ვინ არის ის არაფორმალური მმართველი, რომელიც ხშირად, ფორმალური თანამდებობის პირების გვერდის ავლით იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი, პირველ რიგში, ივანიშვილს აფარებენ ხელს, ვინც შეიძლება იყოს რეალური „დიფ სტეიტი“ საქართველოში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც 2024 წლის აქციების დაშლის დეტალები უნდა გამოეძიებინა და რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა.
შარაშიძის თქმით, გახარიას გუნდს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ სახელისუფლებო პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნას დათანხმდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამ პროცესით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა „მათი რეალური სახე“ და ფაქტი, რომ ეშინიათ გამოძიების.
„იმის მოლოდინი არ გვქონია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. საზოგადოებას ამით კიდევ ერთხელ დავანახეთ „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე, რა ისტერიკაშიც იყვნენ და სრულად ისტერიული ფონი იყო დარბაზში შექმნილი. საკითხზე, რომელიც აწუხებს აქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ჩვენ სრულიად სამართლიანად, ჩვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სრულად დასაბუთებულად და კანონის შესაბამისად, ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ პროცესს კი ზოგმა სპექტაკლი უწოდა, ზოგმა კორდებალეტი და ზოგმა კიდევ რა და რა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მათი სახე კიდევ ერთხელ დავანახეთ ხალხს, ამასთან ერთად, დავანახეთ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ამ საკითხის გამოძიების იმიტომ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, გარდა იმისა, რომ დაადგენდა სრულ სიმართლეს, თუ რა მოხდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ვის მიერ იყო გაცემული ბრძანება, წყალში რომ სრულიად უკანონოდ იყო გარეული კონკრეტული ქიმიური ნივთიერებები, ამ საკითხების დადგენასთან ერთად, ჩვენ სრულიად ბუნებრივად შეგვეძლო მივსულიყავით, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე უკანონო ბრძანების გამცემთან, რადგან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა და დაამტკიცა, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც გიორგი გახარიასა და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ, შესაბამისად, სრულიად ლოგიკური კითხვა, მაშ, ვის შეიძლებოდა გაეცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა შარაშიძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ევროპარლამენტარების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკაზეც ისაუბრა. შარაშიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ კურსს იმიტომ გადაუხვია, რომ საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გახანგრძლივებაში ცვლის საქართველოს მომავალს.
„დემოკრატიის განვითარებისკენ მოწოდება, კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოწოდება, ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდება ვერანაირად ვერ ჩაითვლება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას თავად აქვს გაცხადებული ინტერესი და მისწრაფება ევროკავშირში გაერთიანებისკენ, ევროკავშირი კი ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას. ეს ღირებულებებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის უფლება. ამ ხუთივე მიმართულებით, რაც არის მართლაც ფუნდამენტური ღირებულებები, გვაქვს სერიოზული უკუსვლა, ამას ჩვენი რიგითი მოქალაქეები საკუთარ ყოველდღიურობაზე გრძნობენ და ამის შემდეგ, ამის გამოსწორებაზე მოწოდებას ისინი („ქართული ოცნება“) ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავენ და ამას ამართლებენ, თითქოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები არიან და ყველაზე დიდი პატრიოტები არიან. მათ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ქვეყნისთვის კი არ უნდათ, თავისთვის უნდათ იმიტომ, რომ სუვერენულად და დამოუკიდებლად გააგრძელონ დანაშაულების ჩადენა და მომკითხავი არავინ არ იყოს.
„ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ კი არ გადაუხვია ევროპული კურსიდან, რომ მართლაც რომელიმე ალტერნატიული კურსი მიაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის უკეთეს ვერსიად, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გახანგრძლივებაში ცვლის საქართველოს მომავალს. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და ამიტომ არის „ქართული ოცნება“ მოღალატე რეჟიმი“, – განაცხადა შარაშიძემ.