გიორგი შარაშიძე – ზუსტად ის 89 დეპუტატი, რომელიც გუშინწინ ტაშს უკრავდა რევაზ სოხაძეს, ერთი წლის წინ ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს – ყველა სამინისტროში, თბილისის მერიაში ახლაც პროკურატურა უნდა იყოს

ის 89 დეპუტატი, რომელიც გუშინწინ ტაშს უკრავდა რევაზ სოხაძეს, დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ბატონი ქარსელაძე ბრძანდებოდა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატით, ზუსტად ის 89 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ბოლო დროს გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტსა და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
მისივე თქმით, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, „არამედ ერთი კლანის მეორე კლანით ჩანაცვლებაა“.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართულ ოცნებას“. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს, იმ პარლამენტს, რომლის მთავარი მოვალეობაც იყო ამის ზედამხედველობა და კონტროლი და მთლიანობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მთელს ხელისუფლებას.
ჩვენ რომ ქუჩაში გავიდეთ და გამოკითხვის მიზნით ათი ადამიანი გავაჩეროთ, დაასახელოს ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება კორუფციასთან, ათიდან ცხრა იტყვის, რომ ეს არის კალაძე. ამ დროს ერთი ხელით ვითომ კორუფციას ებრძვის და მეორე ხელით კალაძეს წარადგენს თბილისის მერად მესამე ვადით. ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთი კლანის მეორით ჩანაცვლება. ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანს ახლა ანაცვლებს -კალაძის კლანი.
უკვე გამოვლენილი ფაქტებიც ადასტურებს იმას და თავადაც ადასტურებენ, რომ ეს სისტემური იყო და თუ სისტემური იყო, მაშინ რა ლოგიკაა, რომ სიტყვაზე ათი სამინისტროდან ხუთში სისტემური პრობლემაა და მეორე ხუთში არ არის?
ყველა სამინისტროში პროკურატურა უნდა იყოს, თბილისის მერიაში ახლაც პროკურატურა უნდა იყოს, სხვა მერიებში, სხვა მუნიციპალიტეტებში, სსიპ-ებში, ა(ა)იპ- ებში…“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძემ მისი გუნდის პარლამენტში შესვლის გამო წამოსულ კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ „ქუჩის პარტია არ არის და ხელისუფლების შეცვლას ს გზით გეგმავს“.
„თავად „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის და ამბობს, რომ ისინი არ თვლიან, რომ ს გზით უნდა შეცვალონ ხელისუფლება, ისინი არ მიიჩნევენ არჩევნებს, როგორც ხელისუფლების ცვლილების ინსტრუმენტს და აბა პოლიტიკური პარტია რაში გჭირდება მაშინ? პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას ერთადერთი მიზანი აქვს – რომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და შეცვალო ხელისუფლება. ჩვენ ამას ვთანხმდებით და ამის აღიარების ხომ არ გვეშინია? ვინმეს ბოდიშებს კი არ ვუხდით იმის გამო, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტია იმიტომ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და არჩევნებით დავამარცხოთ ხელისუფლება. ესენი თავად ამბობენ, არ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და არაფერს აზრი აღარ აქვსო.
ჩვენ არ ვართ ქუჩის პარტია, გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პოლიტიკური პოზიციონირება. ოთხი წლის წინ პარტია იმიტომ დავაფუძნეთ, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მშვიდობიანი გზებით, ცივილური დემოკრატიული ფორმებით შევცვალოთ ეს ხელისუფლება. არ ვართ ქუჩის პოლიტიკოსები და არ მრცხვენია ამის აღიარების. კაბინეტი და მანქანები ჩვენი გუნდის წევრებს რომ ჰქონდათ, არც დაესიზმრება არავის, მაგრამ თავისი ნებით, გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ეს კაბინეტები დატოვეს და წამოვიდნენ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.