გვეყოლება როგორც უპარტიო, ისე პარტიული კანდიდატები – ზოგ შემთხვევაში, იქნება „ლელოს“ კანდიდატი, ზოგ შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში შევალთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი ვარიანტის მიხედვით, ორივე პარტია მერობის და საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებად ნეიტრალურ, უპარტიო კანდიდატებს წარადგენს.
შარაშიძის განმარტებით, კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია.
„იქნება სულ ორი ვარიანტი, ერთი – ეს იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატი. საუბარია როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე, საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომელსაც ექნება როგორც ჩვენი, ისე „ლელოს“ და რაც მთავარია, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების მხარდაჭერაც. რაც შეეხება მეორე ვარიანტს – რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ პარტიული კანდიდატებიც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში „ლელოს“ კანდიდატი, ზოგ შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში შევალთ,“ – განაცხადა შარაშიძემ.
გარდა ამისა, მან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, ოპოზიციის კრიტიკაზეც ისაუბრა და მათ მოუწოდა, „ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს“.
„რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას – მოდი ვუთხრათ მათ, რომ ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს. მათ ურჩევნიათ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას, თუ რას აპირებენ ბოიკოტის შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ, მკაფიო პასუხი გასცენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა და როგორ შეიძლება ჩამოიშალოს „ოცნება“ ბოიკოტის გზით. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მივდივართ არჩევნების გზით. მიგვაჩნია, რომ „ოცნება“ არ იმსახურებს იმ ელექტორატს, რაც ჰყავს. გაცილებით ნაკლები ელექტორატი უნდა ჰყავდეს „ოცნებას“ სამართლიანი არჩევნების პირობებში. „ოცნებას“ ეშინია საკუთარი ელექტორალური ბაზის რყევის და დაკარგვის. ჩვენ ნამადვილად შეგვიძლია, ამ ადამიანებს ველაპრაკოთ. აკრიტიკონ ერთმანეთი და საკუთარი ნაბიჯები. ჩვენ ღრმად გვწამს ჩვენი არჩეული გზის,“ – განაცხადა შარაშიძემ.
