არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით რეალურად მოხდა კანონდარღვევა და ამიტომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი სუს-ის მიერ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ობიექტურ ჭეშმარიტებად – რაც უფრო მეტია „ოცნების” ისტერიკა, მით უფრო მეტად ჩნდება კითხვები და ეჭვები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, თუ მმართველ გუნდს რეალურად სურს ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე სიმართლის გარკვევა, გაუგებარია რატომ არ დაუჭირა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი.
„არაერთ ადამიანზე გაგვიგია ჩვენ აქამდეც, რომ აღენიშნებათ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, რომელიც სრულიად მოულოდნელად დაატყდათ თავს. ამ კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იქნა გამოყენებული და დაადასტურა შსს-მ, რომ სრულიად უკანონოდ იყო წყალში შერეული, შესაძლოა ხანგრძლივი ზემოქმედების ეფექტიც ჰქონოდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ეს ყველაფერი არის გამოსარიცხი და კიდევ ერთხელ დგება საკითხი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ოცნება“ არ არის მართალი, რა თქმა უნდა, აქ რეალურად მოხდა კანონდარღვევა და ამიტომ „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი სუს-ის მიერ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ობიექტურ ჭეშმარიტებად. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და რა თქმა უნდა, ამ საკითხზე სიმართლე უნდა დადგინდეს. ეს თემა ასე ვერ დარჩება, ამიტომ იყო ძალიან სწორი ჩვენი ინიციატივა პარლამენტში და მას შემდეგ ჩვენც ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. რაც უფრო მეტია „ოცნების“ ისტერიკა, მით უფრო მეტად ჩნდება კითხვები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ მართლაც იყო სერიოზული კანონდარღვევა. თავად „ოცნების“ მიერ არის დადასტურებული, რომ გამოყენებული იყო გარკვეული ნივთიერება, უბრალოდ, „ოცნებამ“ ერთადერთი რაც მოახერხა საკუთარი გამოძიებით, თქვა, რომ ეს არ იყო „კამიტი“ და შესაძლებელია ეს მართლაც არ ყოფილიყო „კამიტი“, მაგრამ „ოცნება“ თავად ამბობს, რომ წყლის ჭავლის მანქანაში იყო გარეული გარკვეული კონკრეტული ქიმიური ნივთიერება, რომელიც რომც დავუშვათ, რომ არ იყო „კამიტი“, რომც დავუშვათ, რომ არ იყო კანონით აკრძალული, მაინც არის დიდი დანაშაული, იმიტომ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება წყალში სხვა ნივთიერების გარევა. იცით გიორგი გახარიას, მათ შორის, რაზე ედავება დღევანდელი პროკურატურა?! (რაც, რა თქმა უნდა, არ მომხდარა) – რატომ მოხდა 20 ივნისს ორი სხვადასხვა საშუალების ერთდროულად გამოყენება და ამ დროს დღეს დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის და თავად აღიარებს, რომ ორი სპეციალური საშუალება ერთდროულად იყო გამოყენებული ანუ წყალში შერეული. ანუ როცა აწყობთ სათავისოდ, მაშინ ეს თურმე დასაშვებია და როცა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ უნდათ საქმის შეკერვა და ამას აკეთებენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მაშინ ეს თურმე დანაშაული ყოფილა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენის ~ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის გადარჩენის მოტივაცია გვაქვს“, – განაცხადა შარაშიძემ.




