თბილისელებთან ვათანხმებთ კანდიდატს – კვლევით, კომუნიკაციით და ა.შ. არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ შეიძლება მაგიდაზე იდოს 15 კანდიდატურა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
როგორც შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილი „ძალიან კარგი ბიჭია“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ შეთანხმდნენ, რომ დიდ ქალაქებში უპარტიო და ნეიტრალური კანდიდატების წარდგენას დაუჭერენ მხარს.
„სახელსა და გვარს ახლა ვერ დაგისახელებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილზე გავრცელდა, ის ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ჩვენ და „ლელო“ იმიტომ გავერთიანდით, რომ შევჯერდეთ უპარტიო, ნეიტრალურ კანდიდატზე.
ალეკო იმიტომ კი არ იქნება, რომ ცუდი ბიჭია და რამეს ვერჩით მას, უბრალოდ ჩვენი შეთანხმების მთავარი ამოსავალია, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში უპარტიო კანდიდატი, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ექნება.
რთულია ასეთი ადამიანის პოვნა, მაგრამ შესაძლებელია. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თბილისში დაასრულებს კორუფციას. კორუფციასთან ბრძოლას არ სჭირდება განსაკუთრებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოცდილება, მას სჭირდება პოლიტიკური ნება“, – განაცხადა შარაშიძემ.
შარაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში განაცხადა, რომ თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე გადაწყვეტილება 4 სექტემბრამდე უნდა მიიღონ და ამ ეტაპზე განიხილება არაერთი შესაძლო კანდიდატურა.
მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევის პროცესი საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციასა და კვლევებზე დაყრდნობით წარიმართება.
„კანონმდებლობით 4 სექტემბრამდე დრო გვაქვს. არაორდინალური სიტუაციაა, ამიტომ დრო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცოტაც მოვითმინოთ, მაგრამ ჩვენ შევძლებთ საუკეთესო კანდიდატზე შეთანხმებას, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში.
თბილისელებთან ვათანხმებთ კანდიდატს – კვლევით, კომუნიკაციით და ა.შ. არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ შეიძლება მაგიდაზე იდოს 15 კანდიდატურა. სავარაუდოდ, შეიძლება ერთ-ერთი იყო ალეკო ელისაშვილი. ეს იყო და ეს. რაც უფრო დრო გავა, ჩვენ მივალთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე“,- განაცხადა შარაშიძემ.
