გიორგი შაიშმელაშვილი: საინტერესოა რამდენ ხანს მოვითმენთ ოცნების შიშველ კორუფციასა და რეპრესიებს?!

უსაფრთხოების საკითხის მკვლევარი და “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი:

ოცნება არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ხელისუფლება.
სამხედრო გადატრიალებას თუ არ ჩავთვლით, აქამდე სულ ორჯერ შევცვალეთ ხელისუფლება. შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ უკმაყოფილების და მობილიზაციის მთავარი ფაქტორი კორუფცია იყო. სააკაშვილის – რეპრესიული აპარატი.
დღევანდელი ხელისუფლება მთავარი იდენტობის მარკერი, სწორედ ამ ორი ნეგატიური ფაქტორის ყველაზე უფრო მძიმე კომბინაციაა. კორუმპირებული რეჟიმი, სასტიკი რეპრესიული აპარატით.
ოღონდ, შევარდნაძეს და მის პატარა ოლიგარქებს არც კი დაესიზმრებოდათ სახელმწიფო რესურსების ასეთი მასშტაბით მიტაცება, როგორც ამას ივანიშვილი და მისი გარემოცვა აკეთებს.
დღევანდელი რეპრესიული აპარატიც მერაბიშვილ-ადეიშვილის შექმნილი სისტემის კარიკატურაა და შესაბამისად რამდენადაც უფრო სასაცილო, იმდენად უფრო საშიშია.
შევარდნაძის მეორე რიგის ოლიგარქი ჩხარტიშვილი, დღეს პირველი რიგებშია, ვანოს და ადეს მაშინდელი კლერკები და შემსრულებლები დღეს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე არიან. მხოლოდ ხუტა პაჭკორიას ისტორია რად ღირს, რომლის ამბავიც წულუკიანმა საკუთარი ხელით ამოქექა და გაირკვა, რომ დღეს ბევრად მაღალ თანამდებობაზე უზით, ვიდრე წინა ხელისუფლებას.
რაც მთავარია, შევარდნაძის კორუფცია და მიშას რეპრესიები რაღაც დიდი გრანდ პროექტის ფონზე ხდებოდა:
შევარდნაძე, ადგილს უმკვიდრებდა ქვეყანას მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მილსადენების და სხვა მსგავსი პროეტების საშუალებით. ომებ გამოვლილ ქვეყანას, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის ფონზე, სტაბილიზაციისთვის სჭირდებოდა კორუფცია როგორც “საზოგადოებრივი ხელშეკრულების” ცუდი მაგრამ გარკვეული ფორმა.
სააკაშვილი, სახელმწიფო ინსტიტუტებს ქმნიდა, კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას აღრმავებდა და ამ ფონზე სჭირდებოდა რეპრესიული აპარატი. ფაქტია, რომ ვარდების რევოლუციის შედეგად გავხდით პოსტ-საბჭოთა სივრცეში მართლა სამაგალითო ქვეყანა.
ამ დიდი გრანდ პროექტების მიუხედავად, არც შევარდნაძის კორუფცია მოვითმინეთ უსასრულოდ და არც სააკაშვილის რეპრესიული მანქანა.
საინტერესოა რამდენ ხანს მოვითმენთ ოცნების შიშველ კორუფციასა და რეპრესიებს?!
იქნებ მაშინაც უბრალოდ უშუქობა გვაწუხებდა და არა კაკო ჩხაიძის კორუფცია? ან იქნებ ველოსიპედის ქურდობისთვის ციხეში გაშვებული ბავშვები კი არა, უბრალოდ როინა მეტრეველისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა გვაწუხებდა?
და თუ ასე არ არის, რანაირად ვითმენთ ბანერის შეღებისთვის ციხეში გაშვებულ ბავშვებს?! როგორ გვიბედავენ წალენჯიხაში ფერარებით სიარულს კორუმპირებული მერები?!