დღეს არაორდინალურ ვითარებაში ვართ, ქვეყანა იბრძვის, გადატვირთვა და ახალ ლიანდაგზე დაყენებაა საჭირო, რაშიც ამ ორი ბანკის [„საქართველოს ბანკი“, „თიბისი“] პასუხისმგებლობა უზარმაზარია და მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათ დაუტრიალდებათ – უმარტივესი რამეა გასაკეთებელი, მიიტანონ შესაბამისი რაოდენობის რეკლამა ტელევიზიებში, კრიტიკულ მედიებში,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საბანკო სექტორის როლზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს ყველა კრიტიკულ მედიას ფინანსური პრობლემები აქვს, ბანკებს კი შეუძლიათ, ჯამურად მთელი სატელევიზიო სარეკლამო სივრცე დააფინანსონ.
„დღეს თუ რამე აშორებს საქართველოს ტოტალურ ავტოკრატიასთან, ეს არის კრიტიკული მედია. დღეს თუ რამე გვაშორებს ჩამორჩენილ დიქტატურებს, გვაშორებს ის, რომ ადამიანები კრიტიკული მედიის დამსახურებით იგებენ, სად რა და როგორ ხდება. ამავე დროს, ყველა კრიტიკულ მედიას აქვს ფინანსური პრობლემები. ხელფასებს ვერ იხდიან, შემოსავლები გაყინულია. ამავე დროს, მათი ჯამური სარეკლამო ბიუჯეტი კაპიკებია იმასთან შედარებით, რაც ამ ორი მონსტრი ბანკის მოგებაა. ამიტომ, მათ ხელეწიფებათ, რომ ჯამურად მთელი სატელევიზიო სარეკლამო სივრცე ბიზნესის მიერ დაფინანსდეს, როგორც ეს ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ხდება. საუბარია 30-50 მილიონ ლარზე. დარწმუნებული ვარ, ყველა კრიტიკული მედიის, მათ შორის ონლაინ და ტელემედიის ჯამური ღირებულება ყველაზე მეტი 50 მილიონი ლარია. ეს 1.5%-ია ორი ბანკის მოგების. ანუ, მათ როგორც არავის, ისე ხელეწიფებათ, რომ პრობლემა არ იყოს და ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც იბრძვით პირველ ხაზზე, ცდილობთ გააშუქოთ პროცესები მიუკერძოებლად, ეს პრობლემა არ გაწუხებდეთ, ეს ბიზნესის როლია, მათი ბრძოლაა. ზოგი მზადაა თავისუფლება აღუკვეთონ, ზოგს სცემენ, აწამებენ, ყველას ჩვენი ბრძოლის არეალი გვაქვს, მაგრამ ბიზნესს და ამ ორ ბანკს [„საქართველოს ბანკი“, „თიბისი“] რაც შეეხება, მათი ბრძოლის არეალი უნდა იყოს ის, რომ მათ, ვინც პირველ ხაზზეა ან დაზარალებულია, გვერდზე დაუდგეს, სხვანაირად არ გამოვა. ერთი მხრივ, 37%-იან მოგებას აკეთებდე ჩვენზე, იმ ადამიანებზე, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს და მეორე მხრივ, შემოიფარგლო ევროკავშირის დროშის გადმოკიდებით და სასაცილო თანხით, დონაციით… ორი ბანკიდან ერთად დონაცია 5 მლნ. – ეს არის 100 ლარი მოგებიდან 16 თეთრი. მაყურებლისთვის მიმინდვია, რამდენადაა ეს რიცხვი საკმარისი და პასუხისმგებლობიანი.
პრეტენზია არის ხოლმე, რომ დონორები პოლიტიკურად მოტივირებული ხალხია. საქართველო პატარა ქვეყანაა, კრიტიკული მედიის შემოსავლები თვითკმარი არაა და იმისთვის, რომ გადარჩნენ პოლიტიკურად მოტივირებული დონორებიდან იღებენ დაფინანსებას. ეს რომ არ იყოს, უმარტივესია რამეა გასაკეთებელი – მიიტანონ შესაბამისი რაოდენობის რეკლამა ტელევიზიებში, კრიტიკულ მედიებში, ონლაინ გამოცემებში“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ბანკებს უნდა ესმოდეთ, რომ კვოტირებადი ფინანსური ინსტიტუტი, ინგლისის ბირჟა და სანქცირებული ქვეყანა ერთდროულად ოქსიმორონია და თუ ქვეყანაში არსებული კრიზისი არ განიმუხტა, უპირველესად ეს მათ შეეხებათ.
„ჩვენ ასეთი ეკონომიკური სტრუქტურა მივიღეთ, რაც ცალკე პრობლემაა, სადაც ორი ბანკია ბეჰემოთი. მაგალითად, მესამე კვარტალში „საქართველოს ბანკმა“ დააფიქსირა 500 მლნ ლარის მოგება და 37%-იანი მარჟა. ეს არის წარმოუდგენელი სისტემური ბანკისთვის. კონკურენტულ გარემოში, ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. სისტემური ბანკი 37%-ზე არ მუშაობს. ეს არის 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე უნდა იყოს. ის საკომისიოები, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის ოპერაციებზე, რასაც ჩვენ ვიხდით და რაც აგენერირებს ამ ორი ბანკის მოგებას, 3-4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ის უნდა იყოს და არის ევროპულ ქვეყნებში. ეს ხდება იმიტომ, რომ არ არის სათანადო კონკურენცია და იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქიული სისტემის არსი. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილისთვის ოქრო როგორ იყიდოს და „ქართუს“ როგორ გადასცეს, ამაზე მიდის მსჯელობა. მსხვილი ბანკები აქეთ იბარებენ რეგულატორებს და ჩინოვნიკებს და ეუბნებიან, რა უნდა გააკეთონ – „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ვგულისხმობ. მაგრამ ისინი დღეს მაინც არჩევენ პასიურ პოზიციაში ყოფნას. ეს არის ფასი, რომელთაც მათ ხელისუფლება უხდით პასიურობისთვის. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ოქსიმორონია, არარსებულია კვოტირებადი ფინანსური ინსტიტუტი, ინგლისის ბირჟა და სანქცირებული ქვეყანა ერთდროულად და თუ ეს კრიზისი არ განიმუხტა და დროში გაიწელა, ისეთი კრიზისი მივა მათ შორის მათთან, რომ პირველ რიგში მათი საზრუნავი და პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ ეს თავიდან აირიდონ. მათ ეს ხელეწიფებათ. დღეს თუ ვინმეს ყველაზე მეტად გაუჭირდა ეს არის წვრილი და საშუალო ბიზნესი – ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც ბოიკოტშია, მომსახურების სექტორშია. ყველა ამ ადამიანს სასესხო და ფინანსური ვალდებულებები აქვთ, ამიტომ კეთილი უნდა ინებონ და პროცენტების დარიცხვა შეუჩერონ. გააკეთონ რესტრუქტურიზაცია სასესხო ვალდებულებების მათ ამით ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ეს არის მათი როგორც სოციალური პასუხისმგებლობა და მორალურად სწორი, ასევე პრაგმატულად სწორი, რადგან ეს ყველაფერი საბოლოოდ, პირველი, ვისაც ბუმერანგივით დაუტრიალდება, თვითონ არიან. ამიტომ განსაკუთრებით “საქართველოს ბანკი” არ უნდა იყოს სისტემის გაგრძელება და უნდა იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი. “საქართველოს ბანკს” და “თიბისის” მეტი სოციალური პასუხისმგებლობა და მეგობრული დამოკიდებულება ეკისრება“,- განაცხადა ქადაგიძემ.