“ენგურის ჰიდროელექტროსადგური ჩვენი ენერგეტიკული სისტემის შეუცვლელი სიმძლავრეა, რომელიც ქვეყნის ჯამური მოხმარების 25%-ს უზრუნველყოფს. მისი მართვის პუნქტი რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო კაშხალი – ჩვენსაზე.
2008 წელს, რუსეთთან დაძაბულობის პიკში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, რუსებს მიჰქონდათ წარმოებული ელექტროენერგიის 40%, ხოლო საქართველოს რჩებოდა 60%.
დღეს კი, ღიად პრორუსული ხელისუფლების პირობებში, “არგაღიზიანების” უმაგრესი პოლიტიკის შედეგად, რუსებს მიაქვთ გამომუშავებული ენერგიის 70% ზე მეტი. ამასთან ზამთარში, როცა ფასი ყველაზე მაღალია, რუსებს მიაქვთ 100%, მონღოლური ხარკის საუკეთესო სტილში.
ფიქრობთ, ამითი მთავრდება ეს ცინიზმი? არა, შემდეგ იგივე ელექტროენერგიას უკან ვყიდულობთ და ამაში საბაზრო ფასს ვიხდით. ჩვენივე წარმოებულ, ჩვენთვის წართმეულ დენს უკან ვყიდულობთ! ამას, უტიფარი ჩინოსნები კონკურენციად გვასაღებენ.
ფიქრობთ, სულ ეს არის? არა, ამ ელექტროენერგიას ვყიდულობთ არა პირდაპირი გზით, არამედ შუამავალი ოფშორული კომპანიების მეშვეობით, სადაც ჩვენი “რენესანსა” ბიზნესმენები ცალკე იღებენ დაუმსახურებელ მოგებას და ამით წილში უზიან მთელ ქვეყანას.
დამატებით, ამ პრივილეგირებულ ე.წ. ბიზნესმენებს, ენგურის საექსპორტო დენი მიაქვთ ზაფხულში, როდესაც ის ყველაზე იაფია, ამ დროს მოსახლეობა ძვირ დენს ყიდულობს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ახლა მაინც ხომ გაიფიქრეთ, რომ რა უნდა იყოს ამაზე მეტი უტიფრობა? მაგრამ არა, ამითი არ მთავრდება ეს ამბავი: საკუთარი ბიტკოინების ქარხნებისთვის სპეციალური რეჟიმის წყალობით, იგივე ელქტროენერგიას გადასახადების (დღგ-ს) გარეშე ყიდულობენ. ზუსტად იმ ენერგიას, რაშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე იხდის გადასახადს. აქვე შეგახსენებთ, რომ დამატებით ელექტროგადაცემის ხარჯი ცალკე ტარიფშია გათვალისწინებული. პლიუს, ამ ოპერაციას რეექსპორტს უწოდებენ და კუთვნილ მოგების გადასახადსაც “კანონიერად” თავს არიდებენ.
გამოდის, რომ ისევ ჩვენ, თითოეული მოქალაქე, უკვე მერამდენე წრეზე ვუსუბსიდირებთ მათ მოგებას.
ოკუპანტთან შეხმატკბილებული, საკუთარი მოსახლეობის ასეთი მასშტაბის ძარცვის მაგალითი ალბათ ყველაზე ჩამორჩენილ აფრიკულ რეჟიმებშიც არ მოიძებნება.
ამიტომ უნდათ რუსეთი, ამიტომ უნდა ოლიგარქია, ამიტომ ეზიზღებათ კანონი და თანაბარი პირობები, ყველაფერი დასავლური და, შესაბამისად, ქართული.
#ცეცხლიოლიგარქიას” – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.