მოსამართლე ნინო ენუქიძემ ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და გიორგი ქადაგიძის საქმეზე სხდომა გადადო. მომდევნო პროცესი 7 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.
გიორგი ქადაგიძე პოლიციამ 3 თებერვალს სანაპიროზე მსვლელობის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავა.
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გიორგი ქადაგიძემ ფორმულასთან თქვა, რომ ეს დაკავება მისთვის არის დამატებითი სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტად იაქტიუროს.
“ეს ყველაფერი სავარაუდოდ უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას და კონკრეტულად, როდესაც მე ვსაუბრობ იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც შეზრდილი არიან ხელისუფლებას, რომლებიც აყალიბებენ მონოპოლიებს, რის შედეგადაც ზარალობს დანარჩენი საქართველო, ხოლო დაუმსახურებლად მდიდრდებიან თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები, შესაბამისად, ეს დაკავება ჩემთვის არის დამატებითი სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტად ვიაქტიურო და ეს აუცილებლად ასე იქნება”, – თქვა გიორგი ქადაგიძემ.