“როგორც გავიგე ე.წ. მთავრობის ინიციატივით განიხილება ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო მეტად იზღუდება თავისუფალი სიტყვა.
თურმე აღნიშნული კანონით ბიზნესს (და არამხოლოდ)
უნდა აეკრძალოს მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ამას აკეთებს.
როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია.
რა თქმა უნდა არასდროს მქონია ილუზია, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი და ბიზნესის სახელით, საჯაროდ სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებით მყისიერად შევცვლიდი იმას, რაც არ მომწონდა ამ ქვეყანაში.
ასევე არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად.
ყოველთვის ვმოქმედებდი ისე, როგორც მჯეროდა და სწორად მიმაჩნდა, ყველაფერს ვაკეთებდი საჯაროდ, სინდისის კარნახით, რომ მომხმარებელს ჰქონოდა ზუსტი წარმოდგენა თუ რა შეხედულებების მქონე ადამიანთან უნდა ეთანამშრომლა და ამის შემდეგ მიეღო გააზრებული გადაწყვეტილება თუ სად დაეხარჯა მისი შრომით გამომუშავებული ფული.
ალბათ მალე კიდევ უფრო დაზუსტდება თუ რასთან გვექნება საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვერ იარსებებს ვერანაირი ძალა, რომელიც მაიძულებს გავჩუმდე.
ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც საკუთარ თავს და ბიზნესს ვუწესებ არის ის, რომ არ ვავნო სხვას.
პატივისცემით
გიორგი ფუტკარაძე” – წერს სოციალურ ქსელში Reformerfitness და ოცნების ახალ ინიციატივას ეხმაურება




