გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ს მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.
„შეხვედრაზე ერევნის მერის პირველმა მოადგილემ სომხეთისა და საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი დედაქალაქების მუნიციპალურ ორგანოებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოცდილების გაცვლას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და დისკუსიები ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
ამას გარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიორგი შარვაშიძესთან, გამართა. გიორგი ტყემალაძემ ელჩს საქართველოს ახალი საელჩოს შენობის გახსნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ ქართული დელეგაცია ერევანში წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს ეწვია. თბილისის საკრებულოს წევრებმა მემორიალი, რომელიც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება, გვირგვინით შეამკეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტსაც ეწვივნენ და მატენადარანის დირექტორთან ერთად ძველი ხელნაწერების რესტავრაციის დეპარტამენტი მოინახულეს. აგრეთვე სომხური და უცხოენოვანი ხელნაწერების ნიმუშები, მუზეუმში განთავსებული მუდმივი და დროებითი გამოფენები დაათვალიერეს.
თბილისის საკრებულოს დელეგაციაში გიორგი ტყემალაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე იმყოფებიან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.