ვაკის რაიონში, ბაგებში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება კი უკვე დასრულებულია, რამდენიმე დღეში გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელების მოწყობაც დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად გაეცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხების მოწყობა; რამდენიმე მისამართზე კი ფერდის დამცავი კედლები განთავსდა. ამას გარდა, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები.
ბაგების კუნძულებთან და სიკო დოლიძის ქუჩიდან ახალ საავტომობილო ხიდამდე მონაკვეთში უკვე დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები და ამ ნაწილში ჭების ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ეს არის ძალიან მასშტაბური და თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ამ ადგილას, საკომუნიკაციო თვალსაზრისით, რთული ვითარება იყო. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. ამას გარდა, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, აქამდე აქ ტროტუარები საერთოდ არ არსებობდა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა. ვფიქრობ, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულს ასფალტის საფარის კიდევ ერთი ფენა დაიგება, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, აგრეთვე განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გიორგი ტყემალაძესთან და კახა კალაძესთან ერთად თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და პარლამენტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს.