გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

ტრამპმა შექმნა მშვიდობის საბჭო, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ივანიშვილის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩამოაშორა საქართველო გეოპოლიტიკურ პროცესებს, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიორგი ტუმასიანის განცხადებით, დღეს საქართველო მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი.

„დღეს სად ვართ? ტრამპმა შექმნა მშვიდობის საბჭო, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ [საქართველოზე] ტრანზიტი არ გაივლის, სომხეთსაც სურს, რომ აზერბაიჯანთან საზღვარი გახსნას, სად არის საქართველო, რომელ პლატფორმაზე, რომელ დისკუსიაში, საერთოდ ვისი მოკავშირე ვართ? აზერბაიჯანს თურქეთი ჰყავს მოკავშირე, სომხეთი -სთან, ევროკავშირთან და ინდოეთთან ძალიან აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს.

სომხეთი და აზერბაიჯანი გაჩნდა, როგორც მნიშვნელოვანი რგოლი ცენტრალურ აზიაში ტრანზიტში და საქართველო სად არის, გეოპოლიტიკურ რუკაზე რა ფუნქცია გაგვაჩნია? ივანიშვილის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩამოაშორა საქართველო გეოპოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ეს ისე კი არ გააკეთა, რომ რისკების მინიმალიზაციისთვის ყოფილიყო, არამედ რეალობას ვხედავთ, რომ დღეს საქართველო დარჩენილია მოკავშირეების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

ტუმასიანის თქმით, ალიევის განცხადება, რომ „ერთ დღესაც სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი საქართველოს ნაცვლად აზერბაიჯანის გავლით მოხდება“, გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი საქართველო არავისთვის სანდო არ არის.

“ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად უპრეცედენტო ზიანის მიყენება ხდება საქართველოს რეპუტაციისთვის, საერთაშორისო სანდოობისთვის, ლოჯისტიკური კავშირების მიმართულებით ნდობის და პარტნიორობის ფორმატების მიმართ, რომელიც დიდი ხანია არსებობს.

ამის მიზეზია ის, რომ როდესაც ვაცხადებთ, რომ მმართველი ძალა რუსეთის ინტერესების გამტარებელ ძალად არის ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ამას უყურებს როგორც შიდა პოლიტიკურ ბრძოლას, რაც ასე ნამდვილად არ არის. ეს მათ შორის საგარეო პოლიტიკური მდგენელის მქონე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კერძოდ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნების და მარშრუტების მიმართულებით არვისთვის სანდო არ იქნება“, – განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ