გიორგი ტაბატაძე: ვყოფილვარ შეხვედრაზე, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი შემოვიდა და არასოდეს, არსად მსგავსი ეფექტი არავის შემოსვლას არ ჰქონია

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე პატრიარქზე იხსენებს:

,,ერთხელ მყავს ნანახი ახლოდან. საიაში პატიმრების უფლებებზე ვმუშაობდი და ერთ დღესაც მოსაწვევი მოვიდა პატიმრების მიერ დადგმულ სპექტაკლზე ‘12 განრისხებული მამაკაცი'.
მე წავედი სპექტაკლზე. მარტო ვიყავი და რომ მივედი აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არავის ვიცნობდი. უმეტესად ხელისუფლებიდან იყო ხალხი. მაგალითად, ჩემს გვერდით იჯდა.
ვზივარ ჩემს ადგილას რუსთაველის თეატრში და ველოდები სპექტაკლის დაწყებას. თან ტელეფონში ვიყურები.
სპექტაკლის დაწყებამდე ხალხი საუბრობს ერთმანეთთან, ზოგი ზის, ზოგი დგას და საკმაოდ დიდი ხმაურია.

უცებ, ორ წამში, ეს ხმაური გაჩერდა. კი არ გაჩერდა, თითქოს გაიყინა ყველაფერი. მივიხედ მოვიხედე და ყველა ფეხზე იდგა გაშეშებული, თან სამარისებური სიჩუმე იყო. ავდექი მეც ფეხზე და დავინახე, რომ გვერდით კარიდან შემოვიდა პატრიარქი. საერთოდ არ ვიცოდი პატრიარქიც თუ ესწრებოდა სპექტაკლს. ჩემგან ოთხი ან ხუთი რიგით წინ იყო მისი ადგილი. სანამ თავის ადგილას დაჯდებოდა ასეთი სიჩუმე იყო (და ეს დიდხანს გაგრძელდა).

დაახლოებით ათი წელი გავიდა მაგ დღიდან. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ. ვყოფილვარ შეხვედრაზე, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი შემოვიდა და არასოდეს, არსად მსგავსი ეფექტი არავის შემოსვლას არ ჰქონია.

მაგ დღის მერე ბევრჯერ მიფიქრია, რანაირად შეიძლება ერთმა ადამიანმა მოახერხოს მსგავსი სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება საზოგადოებისგან?

ნათელში იყოს პატრიარქი. გწამს თუ არ გწამს, აკრიტიკებ თუ უპირობოდ გიყვარს არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება საუკუნე გავიდეს და ვერავინ შევიდეს თეატრში, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ფეხზე წამოხტებიან გაშეშდებიან და ისეთ ატმოსფეროს შექმნიან, რომ დღემდე ჩემი თავიდან არ ამოდის.”