საერთაშორისო ე.წ. გამჭვირვალობა, რომელიც არის სინამდვილეში აგენტურული ძალების ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზაცია, ცდილობს, რომ როგორღაც საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ „ქარდებს“, სადაც ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებია ასახული.
მისი თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში პირდაპირ წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისგან, ემიგრანტების მიერ ოჯახებში გადმორიცხულ ფულს კი ეს კანონი არ ეხება.ამის მიუხედავად, სოსიაშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„[კანონში] პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას როდესაც აპირებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ უნდა მიიღონ წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისაგან. რა შუაშია აქ ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხა ან სპორტსმენების დაფინანსება? მაგრამ თავიანთი ბინძური პოლიტიკური პროპაგანდით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების – ახალგაზრდების, სტუდენტების, სპორტსმენების, მეცნიერების, შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა სოსიაშვილმა.
გიორგი სოსიაშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ მისამართებზე რეგისტრაციის ფაქტებს და აღნიშნა, რომ „აგენტურამ ნამდვილი სახე გამოაჩინა მაშინ, როცა სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო“.
„აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როდესაც ადამიანი ებრძვის გამჭვირვალობას, იქ იკვეთება მისი ბუნება. ეს იყო მათი ნამდვილი სახე. მართალი ადამიანი, გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ვერ და არ განეწყობა. რა აქვს დასამალი წესიერ, პატიოსან, მართალ ადამიანს?! „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაც ამას ემსახურება, როდესაც ადამიანს უნდა თავისი ბნელი მიზნებისთვის ფულის მიღება და ქვეყანაში არეულობის დატრიალება, ის ვალდებულია, ჰკითხოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს, ამ გრანტების მიღების ნებართვას აძლევს თუ არა.
სახელმწიფომ თუ თვალი დახუჭა ამ თანხების შემოდინებაზე და ყველას ნება დართო, თავიანთი ბნელი მიზნებისთვის შემოიტანონ ეს ფული და პოლიტიკური პროპაგანდისთვის, საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენისა და ადამიანების მოსყიდვისთვის, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება და სუვერენიტეტიც ჩამოიშლება“,- აღნიშნა სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა „ქარდები“, სადაც ორგანიზაციის თქმით, ასახულია შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ „გრანტების შესახებ“ და სხვა რიგ კანონებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ამოქმედდება. მათ შორის, ნათქვამია, რომ ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებისთვის საქართველოში თანხის გადმორიცხვა აკრძალული იქნება. ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, სტუდენტი ვეღარ შეძლებს უცხოური სტიპენდიის მიღებას, ისევე როგორც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აეკრძალება საზღვარგარეთიდან ჰონორარისა თუ დაფინანსების მიღება.




