საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იქნება ვერავინ, სანამ ივანიშვილს ძალაუფლება აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, რათა ევროკავშირმა შეწყვიტოს ქვეყანასთან ყოველგვარი თანამშრომლობა.
„რეჟიმმა დაიწყო რეპრესიების ახალი ეტაპი, რომლის მსგავსი ჩვენ მხოლოდ საბჭოთა საქართველოდან გვახსოვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოს სხდომას, ამ დროს, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს ამ დრაკონულ, რეპრესიულ კანონმდებლობას და შემდეგ მას აღასრულებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დაუღალავად იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აწარმოებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა ევროკავშირმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობის ფორმატი ჩვენს ქვეყანასთან. „ქართულ ოცნებას“ სურს საბჭოთა საქართველოს დაბრუნება ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იქნება ვერავინ, სანამ ივანიშვილს ძალაუფლება აქვს მიტაცებული“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
