გიორგი სიორიძე – კოლეგებს გახარიას პარტიიდან ვეუბნებოდით, რომ პარლამენტში შესვლა იქნებოდა შეცდომა – მნიშვნელოვანია რუსთაველის პროტესტის მხარდაჭერა და ქუჩაში დგომა

„ლელოს“ პოზიცია არის მკაფიო, ცალსახა და უცვლელი, არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით – ჩვენს კოლეგებს გახარიას პარტიიდან ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ ეს იქნებოდა შეცდომა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
გიორგი სიორიძის განმარტებით, მანდატებზე უარის თქმა იყო არა შეცდომა, არამედ ბევრის მომტანი: „ქართული ოცნება აღიარებულია რეჟიმად და არ აქვს ლეგიტიმაცია“.
„ჩვენ ახლაც, პოსტ-ფაქტუმ, როცა თითქმის ერთი წელი გავიდა, ვფიქრობთ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ნოემბერში მივიღეთ, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ეს იყო არა შეცდომა, არამედ ძალიან ბევრი რამის მომტანი, კერძოდ იმ ვითარების, რომ ეს რეჟიმი არის რეჟიმად აღიარებული, არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია. ეს სტატუს-ქვო მათ შორის მნიშვნელოვანწილად ჩვენი მხრიდან მანდატებზე უარის თქმამ განაპირობა. ჩვენ ახლაც იმავეს გავაკეთებდით, არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა მაშინაც შეცდომად მიგვაჩნდა და ახლაც შეცდომად მიგვაჩნია და ჩვენს კოლეგებს გახარიას პარტიიდან ყოველთვის ამას ვეუბნებოდით, რომ ეს იქნებოდა შეცდომა, თუმცა გადაწყვეტილებას ისინი თავად იღებენ. „ლელოს“ პოზიცია არის მკაფიო, ცალსახა და უცვლელი, არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ამასთან, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ახლა რუსთაველის პროტესტის მხარდაჭერა და ქუჩაში დგომა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ „ლელოში“ ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი ქუჩის პროტესტი იყო და რჩება ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობიანი პროტესტის გვერდით, მის არდში. იქნება ეს დიდი აქციები თუ ყოველდღიურობად ქცეული რუსთაველის აქციები, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბრძოლის ყველა მეთოდი, მშვიდობიანი და კონსტიტუციური, არის აუცილებლად გამოსაყენებელი და საჭირო. ამან მოიტანა დღევანდელი სტატუს-ქვო ის, რომ „ქართული ოცნება“ არის არალეგიტიმურად აღიარებული საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი არიან იზოლაციაში იმის გამო, რომ არიან ქართული საზოგადოების, მოქალაქეების მჩაგვრელები.
ჩვენ არასდროს ვდისტანცირებულვართ წინააღმდეგობის მოძრაობიდან. ბევრს, იმ ადამიანთა შორის, ვგულისხმობ დემონსტრანტებს, არაპარტიულ ადამიანებს, ჰქონდათ განსხვავებული ხედვა 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში, მაგრამ ეს არანაირად არ არის ის გარემოება, რომელიც შეგვაცვლევინებს აზრს წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რუსთაველის პროტესტზე. ჩვენი წევრები ახლაც დადიან პროტესტზე და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რუსთაველის პროტესტის მხარდაჭერა და ქუჩაში დგომა. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ფრონტზე, რაც იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.