გიორგი სიორიძე – ბიზნესის მიმართ კრიტიკა სამართლიანია, ხაზარაძე და ჯაფარიძე მათთვის იყვნენ პარტნიორები, ბევრისთვის ხელი გაუმართავთ – მათ, ვინც ჩუმად არიან, უნდა ესმოდეთ, რომ რაც ხდება, მათი პასუხისმგებლობაცაა, არ არსებობს შუაში დგომა!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენ განვიხილავთ ბრძოლის დამატებით ფლანგად, რომელიც საერთო მიზნამდე მიგვიყვანს,-ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ „პალიტანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის პარალელურად, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ძალაში ტოვებს ახალი საპარლამენტო ს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას.
„როცა ადგილობრივი თვითმმარეველობის არჩევნებზე ვმსჯელობდით, მეორე მხარიდან, ვინც წინააღმდეგი იყო, ისმოდა არგუმენტი, რომ თუკი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამით ივანიშვილს მისცემს შესაძლებლობას, ვითარების ნორმალიზება მოხდეს. ახლა ისმის შეკითხვა-ამ პირობებში,როცა პრაქტიკულად, ყველა კოალიციის თუ პარტიის ლიდერი საპატიმროშია და 4 ოქტომბერსაც საპატიმროში იქნება, როგორ შეიძლება მოხდეს ვითარების ნორმალიზება იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტიები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. რომელ საერთაშორისო ანგარიშში ან თუნდაც საზოგადოების აღქმაში ჩვენი ქვეყნის შიგნით, როგორ ჩაითვლება ეს ვითარების ნორმალიზებად, როცა ლიდერები ციხეში არიან? ახლა უფრო მეტად შეიძინა ჩვენი ბრძოლის არგუმენტმა თავისი მნიშვნელობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ახლა მით უფრო ვითხოვთ ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩვენ განვიხილავთ ბრძოლის დამატებით ფლანგად, რომელიც საერთო მიზნამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა სიორიძემ.
რაც შეხება კითხვას, რა გეგმა აქვს „ლელო – ძლიერ საქართველოს“ იმ შემთხვევაში, თუ საერთო ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა, მარტო გავა არჩევნებზე თუ უარს იტყვის, გიორგი სიორიძემ განმარტა, რომ ახლა მთავარია საერთო ბრძოლა და თუ ოპოზიციაში ერთიანობა ვერ შედგება, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენთვის მთავარი არ არის არც პარტიული იდენტობა, არც პარტიული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, ბრძოლა არის მთავარი. თუ ეს ერთობა არ შედგება, მას შემდეგ, რაც ყველა რესურსი ამოიწურება, ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ახლა რომ გითხრათ ეს დაბეჯითებით, არ იქნება სწორი, სწორედ იმ პროცესიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ. ეს დააზიანებს იმ მიზნებს, რომელიც დღეს სტატუს-კვოს სახით გვაქვს“, -განაცხადა სიორიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებას, მათ შორის იმას, რომ დღეს გივი თარგამაძის მიმართაც სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება გამოაცხადა, სიორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტპატიმრების სიას ზრდის.
„გამოცხადებული დაპატიმრების ქრონიკა გრძელდება. შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ რაღაც სიას მიჰყვებიან. რეალურად, იმაზე ხომ არ არის საუბარი, დაპატიმრების ფორმალური სამართლებრივი საფუძველი აქვს თუ არა ვინმეს. არსებობს პოლიტიკოსების სია და ნელ-ნელა ზრდის ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების სიას. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, სადაც ამ თემებზე იყო საუბარი. ძირითადად, ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ საქმეებზე, მაგრამ ყველა პოლიტიკოსის საქმე იდენტურია, ვინც ამ მუხლით არის დაპატიმრებული. ვხედავთ, როგორ დაუმძიმეს მუხლი ოქრუაშვილს, მელიას და ამას ველოდებით სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებითაც“, – განაცხადა სიორიძემ.
როგორც მან აღნიშნა, და ჯაფარიძეც „ივანიშვილის პირადი ტყვეები არიან“. გიორგი სიორიძის განცხადებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პატიმრობის მიუხედავად, თავს მხნედ გრძნობენ.
„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორივე არის აბსოლუტურად მხნედ. საბრძოლო განწყობაზე არიან, როგორც წავიდნენ სატუსაღოში, ისევე არიან ახლაც. ცალ-ცალკე საკნებში არიან ყველანი, პოლიტიკოსი პოლიტპატიმრები. სამარტოო საკნებში ისე, რომ მათ არანაირი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ ერთმანეთთან არც შესვენებაზე და არც სხვა პირობებში.
ბრძოლა ციხიდანაც შეიძლება. როდესაც შენს თავისუფლებას თმობ, ამით მეტ საბრძოლო სულისკვეთებას აძლევ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარეთ ბრძოლა შეუძლიათ. ასე იქმნება წინააღმდეგობა, პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი. შეიძლება უკიდურესი, მაგრამ უკიდურეს ზომებს მოითხოვს ასეთი რუსული რეჟიმი და საშიში მეტოქე, რომელიც ახლა საქართველოს ჰყავს“, – განაცხადა სიორიძემ.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით ბიზნესის დუმილს, გიორგი სიორიძის შეფასებით, ეს იმის გამოა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ასეთი სისტემა შექმნა და მარწუხებში მოაქცია“.
„როდესაც ქვეყანაში გვაქვს კრიზისი, მათ შორის მორალური, ბუნებრივია, იმ ადამიანებს, ვინც ჩუმად არიან, ვინც ნეიტრალურობას ინარჩუნებენ, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი პასუხისმგებლობაც არის. არ არსებობს შუაში დგომა, არ არსებობს გაჩერება. ეს მათ შორის მოქალაქეებსაც ეხებათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება დღევანდელ მდგომარეობაში ნეიტრალური იყო და პირადი, მცირე სივრცე გქონდეს, სადაც არ შეგეხებიან.სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ასე ხდებოდა ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც ასეთი კრიზისი დგებოდა. ამ შემთხვევაში, ხაზარაძე და ჯაფარიძე პირველ რიგში, პოლიტიკოსები არიან, ისინი ბიზნესიდან დიდი ხნის წასულები არიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ბიზნესით ამხელა საქმეს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის, ბიზნესმენებისთვის, ამ სეგმენტისთვის იყვნენ პარტნიორი, მაგალითი, თუ ძალიან ბევრისთვის ხელი გაუმართავთ, აქ უკვე მორალური საკითხიც დგება მათი [ბიზნესის] მხრიდან, რამდენად შეიძლება საერთოდ გაჩუმება. ამიტომ, ალბათ, ეს კრიტიკა სრულიად სამართლიანია“, – განაცხადა სიორიძემ.