მამუკა ხაზარაძე ჯერ კიდევ საპყრობილეში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ოჯახმა ეს ე.წ. გადაცდომა აღმოაჩინა და სახელმწიფოსთან ყველა ხარჯი გაასწორა – „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ, საკუთარ კორუმპირებულ მთავრობას მიხედოს, – ასე ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დაჯარიმებას პარტიის წევრი გიორგი სიორიძე.
„ანტიკორუფციული ბიუროს გამოხტომა სხვა არაფერია თუ არა „ქართული ოცნების“ ისტერიკა, რომ რამენაირად „არაბული აფერა” გადაფარონ და საზოგადოებას ყურადღება არარსებულ თემებზე გადაატანინონ“, – აცხადებს სიორიძე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დააჯარიმა. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, საქმე ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს ეხება, რომლის ფარგლებშიც დეკლარირებული მონაცემების სისრულე და სისწორე შემოწმდა.
როგორც ანტიკორუფციულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციაში არ არის ასახული სრულყოფილი მონაცემები, მათ შორის მის მეუღლესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის გაფორმებული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.




