რუსული ნავთობი რომ შემოგრიალდა ყულევში, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას უკვე აღარავინ აღარაფერს ეკითხება, ეს ძალიან საშიში ამბავია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის სანქციების კონტექსტში, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საქართველო რუსეთის „მომსახურე ბაზა“ ხდება.
„ეს ხალხი ან საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან და აზრი აღარ მოეკითხება, ან ისინი უკვე აღარ მართავენ სახელმწიფოს და მართავენ რუსები. რეალურად კრემლის ამოცანაა, საქართველოს მაქსიმალური იზოლაცია დასავლეთისგან. ვხედავთ, რომ ასტრონომიული სისწრაფით ხდება წარმოუდგენელი რაღაცები. რუსული ნავთობი რომ შემოგრიალდა ყულევში, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას უკვე აღარავინ აღარაფერს ეკითხება, ეს ძალიან საშიში ამბავია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის სანქციების კონტექსტში. რუსები უკვე აღარავის ეკითხებიან ისე მოაქვთ ნავთობი და ისე გადაგამუშავებინებენ, რომ საერთოდ არაფერს არ გკითხავენ.
ამას კიდევ დავუმატოთ ის, რომ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ყველაზე დიდი წილი რა არის თუ იცით? ავტომანქანები. ყველაზე მეტი, რაც ჩამოაქვს საქართველოს მსოფლიოდან, არის ავტომანქანები და ყველაზე მეტი, რაც გააქვს, ასევე ავტომანქანებია. რა თქმა უნდა, გადის რუსეთში. შენ ხდები უკვე რუსეთის მომსახურე ბაზა, აღარავინ აღარაფერს გეკითხება. ხოლო მთელი ენერგია, რაც აქვს დარჩენილი ივანიშვილს, მიდის იმაზე, რომ ვიღაცებს თავი გაუტეხოს და ციხეში გაუშვას, დემოკრატიის ყველა კუნძული წაშალოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ცნობისთვის, გამოცემა Reuters-ი წერს, რომ რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი გემების თრექინგის მონაცემებსა და ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თრექინგის მონაცემებისა და წყაროს თანახმად, 6 ოქტომბერს ტანკერმა “კაისერი” რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული “ციმბირული მსუბუქი” კლასის ნავთობის 105 340 ტონა ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა.
