ირაკლი კობახიძის ღია წერილი სასაცილოა. რატომ უნდა გაუგზავნოს ერთი ქვეყნის ლიდერმა მეორე ქვეყნის ლიდერს ღია წერილი? გამოდის, რადგან ის ღია წერილზე გადავიდა, მან სცადა დახურული არხებით კონტაქტი და არ გამოვიდა. „ოცნებამ“ ჯერ დავითაშვილი გაგზავნა აშშ-ში, იყვნენ ამერიკის ელჩთანაც… იყო ერთგვარი მცდელობები, თუმცა მეორე მხრიდან რა პასუხი იყო, გასაგებია, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დე ვენსისთვის გაგზავნილი ღია წერილი შეაფასა.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ „ქართულ ოცნებას“ გარკვეული მოთხოვნები წაუყენა, რაც ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებასა და რეპრესიული კანონების უკან წაღებას მოიცავს.
„აშშ-მა საკუთარი მოთხოვნები წაუყენა „ქართულ ოცნებას“. ეს არის ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების უკან წაღება. წერილის მიწერა არ იმუშავებს. პატარა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და მისი ხუნტა ცდილობს რაიმე ფორმით დაელაპარაკოს აშშ-ის პრეზიდენტს. ეს არასერიოზულია.
კობახიძეს მივმართავ, გინდა წერილი მიწერე, გინდა ტელევიზიით მიმართე და გინდა ტატუ გაიკეთე ტრამპის გამოსახულებით, არაფერი იმუშავებს. [რაც შეეხება იმას, რატომ არ დაუბრუნა ტრამპის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს პასუხი რამდენიმე კვირის წინ გაგზავნილ წერილზე, რაც კობახიძე საჯარო წერილში საუბრობს], ეს ბუნებრივიც არის – ის ფეხებზე დაიკიდეს.
ღიმილისმომგვრელია წერილის პასაჟებიც, სადაც წერია, რომ „ქართველი ხალხი გაკვირვებულია, როგორ გვექცევა აშშ“. კობახიძეს ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არ აქვს. არჩევნები გაყალბდა!“ – განაცხადა მან.
ამას გარდა, გიორგი რუხაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უნგრეთში ვიზიტზე და ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პაპუაშვილი ამ ღონისძიებაზე მოხვდა, არის ის, რომ კონფერენცია უნგრეთში ტარდება და ის უნგრეთის ხელისუფლებამ მიიწვია.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პაპუაშვილი მოხვდა ამ ღონისძიებაზე, არის ის, რომ ის უნგრეთში გაიმართა. ღონისძიება რომ სხვა ქვეყანაში გამართულიყო, იქ პაპუაშვილი ვერ ჩავიდოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, პაპუაშვილი ასწავლის ევროპელებს, როგორი უნდა იყოს ევროპელი? პაპუაშვილის ევროპელობასთან კავშირი ისევე შორია, როგორც შაჰ აბასის. ტრაგედიაა, საქართველო არ იყო წარმოდგენილი ვარშავაში გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც კანდიდატი ქვეყნების ლიდერები იყვნენ,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის იმას, შედგება თუ არა 15 მაისს, სტამბოლში, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, გიორგი რუხაძემ აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩავიდეს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები პირისპირ გამართოს.
“ნაკლები არის იმის ალბათობა, რომ ეს შეხვედრა შედგეს და ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გასამართად. იმის მიუხედავად, რომ ეს პუტინის ინიციატივა იყო, მისი ამოცანა არ ყოფილა ზელენსკისთან შეხვედრა, მისი ამოცანა იყო ინიციატივის ფონის შექმნა, რადგან ელოდა, რომ ზელენსკი მას არ დასთანხმდებოდა. ზელენსკიმ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მის უკან დგანან ევროპელი ლიდერები. ტრამპის რიტორიკა შედარებით მორიდებული და უფრო პრო-უკრაინულია. შესაბამისად, წნეხი პუტინზე გაზრდილია. თუ პუტინი არ ჩავა სტამბოლში, გამოჩნდება, რომ სისუსტე გამოიჩინა და ზელენსკიმ და დასავლეთმა აჯობეს.
უკრაინის და მისი მოკავშირეების მოთხოვნაა, ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტა 30 დღით, იმისთვის, რომ უფრო სერიოზულად დაიწყოს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა შედგება, შეიძლება ის ვერ დამთავრდეს კონკრეტული შედეგით. ამიტომაც სკეპტიკურად ვუყურებ ამ მოვლენებს. მაინც მგონია, რომ პუტინი ვერ გაბედავს ამ შეხვედრაზე ჩასვლას. ვლადიმირ პუტინს შანტაჟისთვის სჭირდება ომი და თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ფიქრობს, რომ მეორე მხარეს უფრო მეტად მოუნდება მის პირობებზე დათანხმება. მეორეს მხრივ, ეს საწინააღმდეგოდაც მუშაობს და ხაზს უსვამს, რომ პუტინს მშვიდობა არ უნდა და სურვილი აქვს მეტი წაართვას უკრაინას.
სახუმაროდ, რუსეთთან მხოლოდ ძალის ენა ჭრის. მუქარაც არ არის საკმარისი. აშშ-საც და ევროპასაც არასწორი პოლიტიკა ჰქონდა რუსეთთან და ფიქრობდნენ, რომ მასთან თანამშრომლობა შეიძლებოდა. სინამდვილეში პირიქით მოხდა, რუსეთი გაძლიერდა და ეს ყველაფერი გამოიყენა დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთმა კარგად იცის, რომ მუდმივი ომისთვის მას რესურსი არ ეყოფა. ადამიანური მსხვერპლი მას არ ადარდებს, თუმცა დარდობს ეკონომიკის ჩამოშლაზე,“ – განაცხადა მან.
