კარგია, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ბრუნდება საქართველოში, თუმცა არ მგონია, რომ სენატორ დეინსის ვიზიტი იყოს ბიძინა ივანიშვილის ქალბატონ ელჩთან შეხვედრის ალტერნატივა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის რუბიოს გზავნილის გადაცემა, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორი სტივ დეინსის საქართველოში სტუმრობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სენატორ დეინსს აქამდე არ ჰქონია განსაკუთრებული კავშირი საქართველოსთან და შესაბამისად, რთულია წინასწარი პროგნოზების გაკეთება.
„აქამდე სენატორ სტივ დეინსს არ ჰქონია რაიმე ბმა საქართველოსთან. მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა არის ვიზიტის მთავარი მიზანი. სენატი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების შტო. სახელმწიფო მდივანმა შეიძლება ბრძანება მისცეს ელჩს ან საკუთარ ასისტენტს, თუმცა ის, რომ სენატორს დაავალონ მსგავსი ვიზიტი, ასე არ ხდება. „ქართული ოცნება“ ყველასთან წინააღმდეგობაშია. ტრამპთანაც წინააღმდეგობაში არიან. მათივე აზრით, თუ ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, მაშინ ის კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ვერ დაამარცხებს – ცუდი. ყველაზე სასაცილო ამ ბოლო ამბებში ელჩთან შეხვედრაზე ივანიშვილის უარია. ივანიშვილი ამბობს, რომ ელჩს არ შეხვდა, რათა საკუთარი ფულის გამო ქვეყნის ინტერესები არ დააზარალოს. თუ იმდენად იყო დამოკიდებული მათ შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა და მაინც არ შეხვდა, გამოდის, რომ მისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია. პრობლემა იმაშია, რომ ამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომლისთვისაც ფული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, შეიძლება თუ არა სენატორის ვიზიტმა შეაჩეროს „MEGOBARI აქტის“ მღება, გიორგი რუხაძემ აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მას დაბრკოლების გარეშე მიიღებენ.
„ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ამიტომაც მე არ მგონია მოხდეს ისეთი რამ, რაც „MEGOBARI აქტის“ მიღებას ხელს შეუშლის. ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო. ის ასევე მიიღო სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა. დარჩენილია მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა. თეორიულად შეიძლება იყოს ცვლილებები, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას ორ-პარტიული მხარდაჭერა აქვს. როდესაც მას მიიღებენ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როგორშიც არის მაგალითად მადურო ვენესუელაში ან ლუკაშენკო ბელარუსში.
რაც შეეხება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, რუხაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში არშემოშვების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა და მათი გადაწყვეტილება ბუნებრივია. მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს სხვა ქვეყნებიც გადადგამენ.
„პოლონეთმა გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები, რომ საქართველოში ჩამოსვლისას დიდია ალბათობა უკან დაგაბრუნონ, თუ რაიმე ფორმით მონაწილეობდით საპროტესტო აქციებშიო. იგივე გააკეთა საფრანგეთმაც და გაიმეორებენ სხვა ქვეყნებიც. ბოლო პერიოდში დაგროვდა ბევრი მაგალითი. ბუნებრივია, რომ ეს განცხადებები გაკეთდა. საქართველო ივანიშვილის რეჟიმის ქვეშ აღარ უყურებს ევროპის ქვეყნებს მეგობრულად. ეს საგანგაშო სიგნალია და მიანიშნებს, თუ რა მიმართულებით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს საქართველო. საქართველოს ხელისუფლება არის მტრულად განწყობილი დასავლეთის მიმართ და მათი რეაქციაც ბუნებრივია.“- განაცხადა მან.
