ივანიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერებს მრავალი წლით დატოვებს ციხეში – ევროკავშირი უნდა მიხვდეს, რომ ზეწოლა საკმარისი არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ექსპერტმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
რუხაძე გამოეხმაურა „საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების“ საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
რუხაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დიქტატურის დამკვიდრების სცენარს ემსგავსება.
მისივე თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის რეაგირების ნაკლებობა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, უფრო მკაცრი რეპრესიებისკენ წავიდეს.
„ეს არის დიქტატურის დამკვიდრების სახელმძღვანელო. ეს ყველაფერი აქამდე უნდა მისულიყო. ივანიშვილმა დაინახა, რომ ვერ მოერია პროტესტს. დაინახა, რომ 8 ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი გამოვა გარეთ. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო გააძლიერებდა პროტესტს. ჩემი აზრით, ამისგან იზღვევს თავს. ივანიშვილი პოლიტიკურ ლიდერებს მრავალი წლით დატოვებს ციხეში.
თუკი გავიხსენებთ კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილ გამოსვლას, ეს განცხადება მოჰყვა ევროპარლამენტის უმკაცრეს რეზოლუციას. ევროკავშირმა და დასავლურმა სამყარომ დასკვნა უნდა გამოიტანონ, რომ საკმარისად არ „აწვებიან“. „ქართულ ოცნებას“ პასუხის გაცემის თავი, რომ რჩება ე.ი. ევროპიდან არ არის საკმარისი ზეწოლა. სამწუხაროდ, ამერიკა სხვა საქმეებითაა დაკავებული, ევროკავშირი კი ვერ ახერხებს ჯეროვანი სანქციები დააწესოს და უპასუხოს საქართველოში დიქტატურის გამყარების მცდელობებს. როდესაც სანქციებს დააგვიანებ, როდესაც დაუსჯელად დატოვებ არჩევნების გამყალბებლებს, როდესაც ადამიანებს ციხეში ყრიან და ვერ რეაგირებ შედეგი არის ის, რომ რჩება სივრცე, რომელსაც დიქტატურა კიდე უფრო მეტი რეპრესიებისთვის იყენებს. მგონია, რომ ბრიუსელს ეს ახლებურად გამოაღვიძებს“, – განაცხადა რუხაძემ.
რუხაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან და მიღებულია კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიის პრინციპები ირღვევა.
მისი თქმით, ევროკავშირი წარმოადგენს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებას, სადაც ადგილი არ აქვს ავტორიტარული მმართველობის ფორმებს.
„ის სახელმწიფო, სადაც ოპოზიციის ყველა ლიდერი ციხეშია. ის სახელმწიფო, რომელიც იღებს „რუსულ კანონს“, კანონები, რომელიც შეკრების თავისუფლებას ხელს უშლის, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. დიქტატურები ვერ ხვდებიან ევროკავშირში. ევროკავშირი არის დემოკრატიების კლუბი“,- განაცხადა რუხაძემ.




