გიორგი რუხაძე – ივანიშვილი გამარჯვებას, თავდაჯერებას არ ასხივებდა, ჰქონდა ამოცანა, გახარიასთვის ელექტორატი წაერთმია, თუკი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაემუქრა, გახარიას შემთხვევაში, პარტიის წევრებსაც დავიჭერთო – ასევე, იყო ტყუილების კასკადი და ჭორაობა

თუ კი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაემუქრა, გახარიას პარტიის შემთხვევაში, ლიდერებიდან პარტიის წევრებზეც გადავიდა და მათაც დავიჭერთო – ეს იყო გამიზნული ქმედება იმისთვის, რომ ის, რაც აკლია “ქართულ ოცნებას,” ანუ ელექტორატი, ამის ხარჯზე შეივსოს , – ამის შესახებ “აირჩიე ევროპის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
რუხაძის შეფასებით, ივანიშვილის ინტერვიუ ტყუილებითა და ჭორებით იყო სავსე.
“ბიძინა ივანიშვილის მთელი ინტერვიუ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად – მისი ემოციური მდგომარეობა და ინტერვიუს შინაარსი. მისი სხეულის ენას რასაც დავაკვირდი, მთლად დალაგებული ნამდვილად ვერ იყო – ნახევრად შეშლილ-კონსპირაციულ თეორიებში გახლართული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ იმორჩილებს და ნერვებს ვერ თოკავს.
ინტერვიუს დროს გაბრაზებები თუ შეამჩნიეთ, როდესაც ლგბტქ+ საკითხებზე ლაპარაკობდა, აღშფოთდა, გიორგი გახარიაზე საუბრის დროსაც. ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ის საკუთარ თავსა და საკუთარ აზრებს ვერ იმორჩილებს, ემოციაც გაექცა და აზრიც.
ჩემო გადმოსახედიდან გამარჯვებას, თავდაჯერებას არ ასხივებდა. ასხივებდა იმას, რომ, სავარაუდოდ, ვერ იგებენ არჩევნებს და ჰქონდა ელექტორალური ამოცანა, რომ გახარიასთვის ელექტორატი წაერთმია – ეს მომენტი აშკარად ჩანდა და როცა ერთის მხრივ ამტკიცებ, რომ 60%-ს იღებთ, კარგად ხართ და ხელის განძრევა არ გჭირდებათ და მეორეს მხრივ, ასე მანიაკურად ცდილობ, მოწინააღმდეგეებს დაარტყა, თან საინტერესო ის იყო გახარიას შემთხვევაში, რომ თუ კი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს დაემუქრა, გახარიას პარტიის შემთხვევაში, ლიდერებიდან პარტიის წევრებზეც გადავიდა და მათაც დავიჭერთო – ეს იყო გამიზნული ქმედება იმისთვის, რომ ის, რაც აკლია “ქართულ ოცნებას,” ანუ ელექტორატი, ამის ხარჯზე შეივსოს.
გარდა ამისა, ინტერვიუში იყო ტყუილების კასკადი და ჭორაობა, მაგალითად, ბაღებსა და სკოლებში რომ ასწავლიან ბავშვებს სქესობრივ ცხოვრებას, სქესს რომ უცვლიან ბავშვებს მშობლების დაუკითხავად – ეს ყველაფერი არის ტყუილი. ტყუილია ის, რომ რომელიღაცა ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ომში ჩართვა შესთავაზა, გაწყდნენ ქართველებიო, ტყუილია ბლექ როკისა და ჯორჯ ორუელის ისტორია, რაც მოყვა.
კი მაგრამ, თუ ამდენი ხანია, ომში გვრთავს დასავლეთი და ახლა, როცა მისი ფულის პრობლემა მოგვარდა, ახლა აღარ გვრთავს?“, – აღნიშნა რუხაძემ.