თუ ზურა ჯაფარიძე დამნაშავეა, მაშინ ხაზარაძეც, [ბადრი] ჯაფარიძეც, გვარამიაც და ყველა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, დამნაშავეა, მაშინ ყველა იგივე დოზით უნდა გაუშვან ციხეში – თუ ეს ასე არ ხდება, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს და ეს ჩვეულებრივად, ივანიშვილის დუქანია, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ასევე, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
მისივე თქმით, „დღეს, ზურა ჯაფარიძე საკანში უფრო თავისუფალია, ვიდრე ივანიშვილი თავის ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარი“.
„[საგამოძიებო კომისიასთან ართანამშრომლობა] ეს დანაშაულია არ არის, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სინამდვილეში დანაშაულს ჩადის ეს რეჟიმი, როდესაც ადამიანებს ამის გამო აპატიმრებს და ის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიაა თუ ვიღაც, ისიც. თუ ეს „დანაშაულია“, მაშინ ყველამ ერთნაირად ჩაიდინა დანაშაული, გარდა გიორგი გახარიასი. ოპოზიციურ სპექტრში მხოლოდ გიორგი გახარია გამოცხადდა კომისიაზე, დანარჩენებმა უარი თქვეს. გირაო გადაიხადეს თუ არა, ეს არის აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქება-არ შემსუბუქების საკითხი. დამნაშავეა თუ არა ადამიანი, ეს სულ სხვა საკითხია. შესაბამისად, თუ ზურა ჯაფარიძე დამნაშავეა, მაშინ ხაზარაძეც, ჯაფარიძეც, გვარამიაც და ყველა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ზუსტად იგივე მოტივით თუ რა მნიშვნელობა აქვს რის გამო, ყველა დამნაშავეა. მაშინ ყველა იგივე დოზით ციხეში უნდა გაუშვან. საერთოდ არ მინდა, ვინმე ციხეში წავიდეს, მაგრამ თუ ეს ასე არ ხდება, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს და ეს ჩვეულებრივად, ივანიშვილის დუქანია“, – განაცხადა რუხაძემ. რუხაძემ სოლიდარობა გამოუცხადა ჯაფარიძეს და აღნიშნა, რომ ადამიანები ისჯებიან იმისთვის, რომ საკუთარი პრინციპების დაცვა შეუძლიათ.
„დღეს, ზურა ჯაფარიძე საკანში უფრო თავისუფალია, ვიდრე ივანიშვილი თავის ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარი და მისი გარემოცვა ერთად აღებული. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღირსება და პრინციპები და რომლებსაც ამ პრინციპების დაცვა შეუძლიათ, ისჯებიან და ეს ასე იქნება, სანამ ამ ქვეყანაში ტირანია არ დამარცხდება“, – აღნიშნა რუხაძემ.
გარდა ამისა, რუხაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ პარტია „გიორგი გახარიასთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის მხრიდან უარი ეთქვა სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე. რუხაძის შეფასებით, გიორგი გახარია „ივანიშვილის პირადი ვენდეტის მსხვერპლია“.
„გიორგი გახარიასთან მიმართებით საქმე სხვანაირად არის, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია არის ივანიშვილის პირადი ვენდეტის მსხვერპლი, დანარჩენი პოლიტიკოსები არიან ივანიშვილის პოლიტიკის მსხვერპლი. რეალურად, მას სხვა გზა არ აქვს, რეპრესიებია დღეს ივანიშვილის პოლიტიკა.
გახარიას თუ დაიჭერენ, იმის გამო კი არ დაიჭერენ, რომ კომისიაზე არ გამოცხადდა, გამოცხადდა. იმიტომ დაიჭერენ, რომ „ქვეყანას უღალატა“, „ქვეყანას ომში ითრევდა“ ან რამე ასეთი. მეორე საკითხია, რუსებთან კეკლუცობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაზე ასამართლებენ გიორგი გახარიას ან რაზეც გაასამართლებენ. იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვა, უკან არ დაიხია და ჩორჩანაში საგუშაგო დადგა. მე რომ მკითხოს ადამიანმა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზთან მიმართებით ზოგადად, ოკუპაციასთან მიმართებით, რაც ივანიშვილის რეჟიმს ოდესმე მიუღია. ეს იყოს ერთადერთი პრინციპული გადაწყვეტილება და სწორედ ამის გამო ასამართლებენ გახარიას. ეს არის ივანიშვილის პირადი ვენდეტა და ეს არის კრემლის წინაშე კეკლუცობა ივანიშვილის მხრიდან. ჩემი აზრით, გახარიამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ის ამ კომისიასთან თანამშრომლობს“, – აღნიშნა რუხაძემ.
გიორგი რუხაძის თქმით, ის, რომ ჩორჩანაში საგუშაგო გიორგი გახარიამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგა, „სისულელე და რეალურად, საქმის შეკერვის მცდელობაა“.
„იმედს ვიტოვებ, რომ სანამ გახარიას ფინალი იქნება ციხე, მანამდე ივანიშვილის ფინალი იქნება ციხე. არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმე ციხეში მოხვდეს, გარდა ამ რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომლებიც ციხესაც იმსახურებენ და უარესსაც“, – აღნიშნა რუხაძემ.
გიორგი რუხაძემ, ამასთან, ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, ირან-ისრაელის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვაზე. მისი თქმით, „ამერიკა აქტიურად დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში“.
„ამერიკამ საკუთარ ერთ-ერთ მთავარ და სტრატეგიულ პარტნიორს მხარი დაუჭირა ძალიან მნიშვნელოვან და ეგზისტენციალურ ბრძოლაში. ყველა ხედავს, რომ ამერიკა და ისრაელი, ხოლო რუსეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ასე უნდა დავსვათ კითხვა – საქართველო ვისი სტრატეგიული პარტნიორია? დღეს, სამწუხაროდ, საქართველო „ქართული ოცნების“ რეჟიმის შედეგად, ირანის და რუსეთის პარტნიორია. შესაბამისად, მაშინ, თუ ირანი და რუსეთი დღეს ეომება ამერიკას და ისრაელს, საქართველო ვის ეომება? ვის მხარეს არის? და რა ბედი ელის, თუკი ის რუსეთისა და ირანის მხარეს დარჩება? ეს უნდა გაიაზროს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებმა და მონა-მორჩილებმა. გაკვეთილი უნდა მიიღოს ყველა დიქტატორულმა რეჟიმმა, რომ მოფრინდებიან „შავი გედები“ და რაღაცები რაღაც მომენტში მთავრდება…
იმედი მაქვს, რომ ოპერაციას ისრაელი და აშშ ბოლომდე მიიყვანენ. ირანს აღარ ექნება ბირთვული ამბიცია, ამის შესაძლებლობა აღარ ექნება. ბუნებრივია, ამის შედეგად ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო ბევრად უსაფრთხო გახდება. ოღონდ აქ არ სრულდება ოპერაცია, ეს შეიძლება გაგრძელდეს და დასრულდეს „აია თოლების“ რეჟიმის კრახით ირანში, შეიძლება არც დასრულდეს… ყველა შემთხვევაში, ირანის დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით უფრო სუსტი იქნება მომავალში, გაცილებით შეკვეცილი ამბიციების. მას აღარ ექნება საშუალება აფინანსოს და მხარი დაუჭიროს ტერორიზმს, „ჰეზბოლას“, „ჰამასს“ და ა.შ. ანუ, ჯგუფებს, რომლებიც, ფაქტობრივად, სიტუაციას ამღვრევდნენ რეგიონში. ეს არის მინიმუმი, ჩემი აზრით, რაც აქედან გამოვა. მეორე ისაა, რომ ირანი ვეღარ იქნება რუსეთის იმ ტიპის მეგობარი და პარტნიორი, როგორიც აქამდე იყო, რადგან დღეს, სინამდვილეში რუსეთმა ირანი მიატოვა. რუსეთს ირანი სჭირდება უკრაინასთან ომში და აქ რუსეთს უფრო გაუჭირდება, ვიდრე დღეს უჭირს. ეს ასევე, სიგნალია რუსეთის „პარტნიორებისთვის“, – განაცხადა რუხაძემ.
