გიორგი რურუა – ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა საერთოდ, ეს იყო ყავაზე მკითხაობა

არანაირი ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა, საერთოდ, ეს იყო ყავაზე მკითხაობა , – ამის შესახებ “მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც რურუამ აღნიშნა, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელზე, რის გამოც, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“ეს იყო რაღაც დადგმული ცირკი ხელისუფლების მხრიდან, არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, შინაარსის გარეშე იყო დაკითხვა, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კითხვებზე სამწუხაროდ, პასუხს ვერ გაგცემთ, ხელი გაუთქმელობაზე მომაწერინეს”, – განაცხადა რურუამ.
კითხვაზე, დაუსვეს თუ არა მას კითხვები ტერორიზმთან და შეთქმულებათასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ “არანაირი კითხვები, მეც გამიკვირდა”.
ასევე, კითხვაზე, ჰკითხეს თუ არა მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, რურუამ უპასუხა, რომ ეს სახელი და გვარი საერთოდ არ უხსენებიათ.
“ხელი მოვაწერე, რომ არანაირ ინფორმაციას არ გავცემ, მითუმეტეს, მაგ სახელ და გვართან დაკავშირებით კითხვა საერთოდ არ ყოფილა. ახლა რომ იყოს ყავის მკითხაობაზე მუხლი, იგივეა ზუსტად, არანაირი ტერორიზმის გარშემო კითხვა არ ყოფილა, საერთოდ, ეს იყო ყავაზე მკითხაობა, მეტი არაფერი”,- განაცხადა რურუამ.
მისი განმარტებით ეს გამოკითხვა, ხალხის დაშინებას ემსახურება.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ახალი ბრალის წარდგენას, რურუამ უპასუხა, რომ “არანაირი საქმე არ არსებობს”.
“მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. უწყებაში გამოცხადებაზე მან უარი განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რურუა სუს-ში გამოკითხვაზე მოწმის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული, რაც შეთქმულებასა და ტერორიზმს გულისხმობს.