შინაგან საქმეთა სამინისტრო „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ინციდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში მოხდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს“, — აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული იყო გიორგი რამიშვილის სახელზე, თუმცა მას არ ჰქონდა იარაღის ტარების უფლება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო ტარებას, შენახვას ან გადაზიდვას, და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით.
