გიორგი ოკმელაშვილს 5 წელი მიუსაჯეს

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეს, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებოდნენ, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოკმელაშვილმა ცირკი „შაპიტოს“ სიმღერა წაიმღერა.
„ცხოვრებაში არასდროს პოლიციის მიმართ არ გამომიჩენია უპატივცემულობა, მაგრამ ამ ადამიანის ქცევა ჩემში იწვევდა ისეთი გრძნობის გაღვივებას, რომელიც მაიძულებდა, ჩემ გვერდით მდგომები დამეცვა. ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, მეც გადავსულიყავი ჭიდაობასა და ჯაჯგურზე… მთელი დილა ეს შავნიღბოსნები გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ… ნებისმიერი მათი ქმედება აღიქმებოდა ჩვენი მხრიდან თავდასხმად და იძულებულები ვიყავით, თავი დაგვეცვა“, – უთხრა მოსამართლეს ოკმელაშვილმა.
მან გაიხსენა თავისი დაკავების დღეც, 2024 წლის 15 მაისი:
„იმდენმა ადამიანმა დამაკავა, მეგონა, ვიღაცაში ვეშლებოდი. მოვიდნენ, წაიღეს ჩემი მეუღლის ლეპტოპი, ჩემი ბავშვის ელექტრო ძიძის მოწყობილობა. წავიდნენ ოფისში და მთელი ოფისი გამიჩერეს. ჩვენთვის კომპიუტერი იგივეა, რაც მოცურავისთვის აუზი – პროკურატურამ წაიღო უკვე ცხრა თვეა. ეს მაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული“.
როცა მოსამართლემ 5-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილების ახსნა დაიწყო, ოკმელაშვილმა თქვა, რომ ეს იყო საბჭოთა სასამართლო. ამის პასუხად მოსამართლემ მას უთხრა, რომ როცა საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდოდი, იქ გამოჩნდებოდა, „რა პირობებში ამუშავებენ სასამართლოს“. ამას დარბაზში სიცილი მოჰყვა.
გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის მიზეზით, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას.
პროკურატურა ოკმელაშვილს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ედავებოდა (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა), თუმცა 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მას ეს ბრალი მოეხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულს პარლამენტის მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო.
საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ადვოკატ კობა ბარამიას თქმით, მოსამართლე გიორგი გელაშვილი ოკმელაშვილის საქმეს განგებ აჭიანურებდა:

„თქვენ აქამდე არასაპატიმრო საქმეები განიხილეთ მაშინ, როცა პატიმრის სისხლის სამართლის საქმის განხილვა პრიორიტეტულია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განზრახ აჭიანურებთ პროცესებს“, – თქვა კობა ბარამიამ 12 დეკემბერს გამართულ სხდომაზე.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებდა 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებულების, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საიას შეფასებით, ეს უკავშირდებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს ვადის ამოწურვას, რათა მას არ შეეწყალებინა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები.
ფორუმი