რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ე.წ. რისკის სახე დაუმძიმეს და საშიშროების “საშუალო რისკი” – “მომატებული რისკით” შეუცვალეს.
ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და წერს, რომ ამის საფუძველზე, გიორგი ოკმელშვილი ნახევრად ღაი ტიპის დაწესებულების ნაცვლად, დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, გიორგი ოკმელაშვილის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ყოფნა 14 თებერვლის ბრძანებით ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ის 14 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით შეიცვალა.
პუბლიკა აქვეყნებს პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატისთვის მიწერილ წერილსაც, რომლის თანახმადაც, გიორგი ოკმელაშვილს “დაუდგინდა საშიშროების “მომატებული” რისკის სახე და სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში”.
ამჟამად ის ქსანში, N10 დახურული ტიპის დაწესებულებაში იმყოფება.
გამოძიების მტკიცებით, ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
2024 წლის 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.
